იუსტიციის უმაღლესი საბჭო

ენმ: სასამართლო სისტემის ე.წ. კლანის გაკეთილშობილების ყველა მცდელობას ვემიჯნებით

ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ პარლამენტში იუსტიციის საბჭოს სამი არამოსამართლეს არჩევის დროს ოპოზიციის 5 დეპუტატის მიერ ქართული ოცნების კანდიდატისთვის ხმის მიცემას ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სპეციალური განცხადებით ეხმაურება.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” კატეგორიულად ემიჯნება სასამართლო სისტემაში არსებული ე.წ. “კლანის” გაკეთილშობილების ყოველგვარ მცდელობას. 

მურუსიძის კლანი სანქცირებული, ყოველგვარი სამართლებრივი ჩარჩოდან გასული და მორალურად გაკოტრებულია.

არცერთი დეპუტატი, რომელმაც ხმა მისცა კლანის გავლენის განმტკიცებას, არ წარმოადგენს პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, მაგრამ მათთან ფრაქციულ და სხვა პოლიტიკურ ფორმატებში თანამშრომლობა გვაკავშირებდა.

დღეიდან, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, როგორც ფრაქციულ, ისე სხვა ტიპის პოლიტიკურ თანამშრომლობას წყვეტს იმ დეპუტატებთან, რომლებმაც მხარი დაუჭირეს დანაშაულებრივი სასამართლო კლანის გავლენის განმტკიცებას". - ნათქვამია ენმ-ს განცხადებაში.

პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი აირჩიეს. ფარულ კენჭისყრაზე გიორგი გზობავამ 91 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო, ზურაბ გურასპაშვილმა და ტრისტან ბენაშვილმა კი - 93. ქართულ ოცნებას სულ 84 დეპუტატი ჰყავს, 4 - ევროპელ სოციალისტებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კანდიდატებს მხარი ხუთმა ოპოზიციონერმაც დაუჭირა.

რუსთავი 2-ის ცნობით, მათ გაარკვიეს იმ ოპოზიციონერი დეპუტატების ვინაობა, ვინც პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევას მხარი დაუჭირა. კურიერის ინფორმაციით, ეს დეპუტატები არიან ბლოკ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია, ძალა ერთობაშიას წევრები: ნიკა მაჭუტაძე, ნატო ჩხეიძე, როსტომ ჩხეიძე, ბაჩუკი ქარდავა და დილარ ხაბულიანი.

ნიკა მაჭუტაძემ, ასევე ნატო და როსტომ ჩხეიძეებმა ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია დატოვეს. ამის შესახებ მაჭუტაძემ ბრიფინგზე ისაუბრა.

"ჩვენ, დეპუტატები, ბატონი როსტომ ჩხეიძე, ქალბატონი ნატო ჩხეიძე, მე, ნიკა მაჭუტაძე, რომლებიც ვართ არჩეული საქართველოს პარლამენტში მოძრაობა - სახელმწიფო ხალხისათვის პარტიული სიით და ვიყარეთ კენჭი ბლოკით, ვაცხადებთ, რომ ვტოვებთ ფრაქციას, სახელწოდებით - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია. აქვე ვადასტურებთ, რომ ჩვენს დღევანდელ გადაწყვეტილებას სრულად ვიზიარებთ და რა საკვირველია, ჩვენ, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები სუბრობდნენ დამალვაზე და გარკვეულ ბრალდებებს წამოგვიყენებდნენ მთელი ამ ხნის განმავლობაში, უარვყოფთ". - აღნიშნა მაჭუტაძემ.

კომენტარები