რუსეთ-საქართველო

გიორგი ნონიაშვილი: საქართველო – ისევ რუსული რომანტიზმის ზღვა?!

რუსეთ-საქართველო

გიორგი ნონიაშვილი: საქართველო – ისევ რუსული რომანტიზმის ზღვა?!

რუსეთისთვის საქართველო "რომანტიზმის ზღვად“ ჯერ კიდევ იმპერიის დროს იქცა. საქართველო იყო ეგზოტიკური მხარე მწვადის, ყვავილებისა და ზღვის არომატის ნაზავით, სადაც რუსული პოეზია კარგად იწერება. ამ ნაზ მხარეს ძლიერი მამაკაცის იმპერიული დაცვა და მოვლა სჭირდებოდა. ხანაც საქართველო იქცეოდა დარდიმანდი, ცხელი და გულუბრყვილო ბიჭების ქვეყანად. დროთა განმავლობაში, რუსეთისთვის საქართველოს ეგზოტიკურობის შინაარსი კი იცვლებოდა, მაგრამ კოლონიალისტური ხედვა - არა. თუ თვინიერი ხარ, ეს მაშინ ხარ რომანტიზმის ზღვა, თორემ ისე სამხრეთელი ველური ხარ.

რუსეთის მიერ უკრაინაზე სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყებიდან წელიწადი და 7 თვე გავიდა. ამის შემდეგ, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების რაოდენობამ იმატა. ხილული თვალით ეს განსაკუთრებით შესამჩნევია ორ ყველაზე დიდ ქალაქში - თბილისსა და ბათუმში. თვალს თუ არ ვენდობით და რიცხვებს დავეყრდნობით, ომის დაწყებიდან დღემდე საქართველოს საზღვარი 2 200 000-მდე რუსეთის მოქალაქემ გადმოკვეთა. დიდწილად შემოდინებას მათი გადინებაც მოჰყვება ხოლმე. თუმცა, ბევრიც რჩება და ფუძნდება.

CRRC-ის კვლევის მიხედვით, ემიგრირებული რუსების 94% ამბობს რომ რუსეთში არ არის დემოკრატია. 89% ნეგატიურად აფასებს ვლადიმირ პუტინს და 70%-ს გააჩნია უარყოფითი გრძნობები საკუთარი ქვეყნისადმი. 

ცხადია, ვინც საქართველოში დაფუძნდა ან ამას ცდილობს, მათ ფინანსური შემოსავალიც სჭირდებათ გადარჩენისთვის. ბევრს აქვს შესაძლებლობა, რომ დისტანციურად იმუშაოს. ზოგი ცდილობს, აქ იშოვოს სამსახური, შექმნას მცირე ბიზნესი და ა.შ. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ  მათი უმრავლესობა ახალგაზრდა, საშუალო კლასის წარმომადგენელია, რომელსაც რუსეთში არსებული პუტინისტური რეჟიმი არ მოსწონს.

მიუხედავად ამისა, ჩვენ უნდა დავსვათ კითხვა: რამ შეიძლება გაიძულოს იმ ქვეყანაში ჩასვლა, რომელიც შენი ქვეყნის მიერ არის ოკუპირებული?! – აქ რამდენიმე მიზეზია: დისკომფორტს გამოექცნენ (მობილიზაციას, სანქციებს); მათთვის საქართველო გეოგრაფიულად ახლოსაა;  რუსებს კარი აქვთ გახსნილი - სახელმწიფო პოლიტიკა იმიგრაციის შესახებ რბილია; რუსული შემოსავლით საქართველოში ცხოვრება იაფია; მათთვის საქართველო რუსეთზე თავისუფალი და უკეთესი ქვეყანაა, თუმცა, ამავდროულად კულტურულად ნაცნობი და ახლობელი.

ამ სტატიის ამოცანა არ არის სიღრმისეულად გამოიკვლიოს რუსეთის მოქალაქეების "რელოკაციის“ (როგორც თავად უწოდებენ) მიზეზები თუ მათი სულიერი სამყარო.  ჩემი ამოცანაა, ვიმსჯელოთ, როგორია საქართველო და ქართველი რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც აქ იმკვიდრებენ თავს.

საქართველოში, უფრო სწორად კი, მის ურბანულ ცენტრებში რუსეთის მოქალაქეებმა პარალელური სამყარო შექმნეს. ისინი არ ინტეგრირდებიან ქართულ საზოგადოებასთან ყოფით დონეზე. აქვთ კუთვნილი შეკრების ადგილები, კაფეები, რესტორნები, ყავახანები, მაღაზიები, ტანსაცმლის მაღაზიები, მუსიკალური ფესტივალები, სასტუმროები, სამშენებლო კომპანიები და სხვადასხვა მცირე ბიზნესი, სადაც მეტყველებენ რუსულად და მათი სამიზნე ჯგუფიც, შესაბამისად, კვლავ თავად არიან - ანუ რუსულენოვანი "რელოკანტები“.

ცხადია, მათ გააჩნიათ საქართველოზე შექმნილი დამოკიდებულებები და სახე-ხატები. როგორია საქართველო? როგორია ქართველი ადამიანი? - ამ მხრივ, საქართველოში დამკვიდრებული რუსების საჯაროდ გავრცელებული მასალები სოციალურ ქსელებში (tiktok, reels და ა.შ.) ზღვა მასალას იძლევა. ძირითადად, ამ კონტენტის ადრესატები თავად  რუსები არიან. ისინი ქართველებს არ ელაპარაკებიან.  

რა არის საქართველო?

საქართველოს შესახებ თხრობისას აქ მცხოვრები რუსები მათთვის ეგზოტიკურ ბუნებაზე და ურბანულ გარემოზე აკეთებენ აქცენტს, რომელიც უმეტესად ადგილობრივი მოსახლეობისგან განყენებულია. აქ უმეტესად ჩვენ არ ვჩანვართ. ჩანს მხოლოდ ემიგრირებული რუსი, რომელიც საქართველოს ეტრფის როგორც უცხოს, მშვენიერს და ეგზოტიკურს. 

დიანა მაყურებელს საქართველოს წარმოშობის ისტორიას უყვება: ღმერთი მიწებს არიგებდა და ნაქეიფარ ქართველებს დააგვიანდათ. ღმერთს თავისთვის დაგულებული მიწა მიუცია ქართველისთვის და ზედ დაუყოლებია - бери генацвале-ო. აი, ეს არის საქართველო!

ნატალია ძველი საბჭოთა ფილმის ნაწყვეტს იმოწმებს, სადაც  პერსონაჟი იმავე ზღაპარს ჰყვება და აყოლებს - "იცით, რა არის ნამდვილი საქართველო? ნამდვილი საქართველო ეს არის მზე, ცა, სამოთხის კლიმატი, ეს არის უხხ!..“

საქართველოს შესახებ ბევრ ანალოგიასაც შევხვდებით. ანალოგიები საქართველოს კულტურული ხასიათის შესახებ დაკვირვების შესაძლებლობას აჩენს. ხშირად საქართველო დანახულია როგორც  ევროპეიზებული და მოვლილი. იშვიათად კი, ეგზოტიკურ აღმოსავლეთად. ამ მხრივ ის განსხვავდება რუსეთის იმპერიის დროინდელი ხასიათისგან, სადაც პირიქით, საქართველო ეგზოტიკური ველური აღმოსავლეთი იყო.

"ბოდიში, ეს ნამდვილად საქართველოა? არადა, ალპებს ჰგავს თითქოს...“  ავრცელებს ვიდეომიმართვას სვანეთის ხედის ფონზე ნასტია. სხვაგან კი ამბობს, რომ საქართველო ის ადგილია, სადაც შეიძლება გაექცე საკუთარ პრობლემებს.  “ორშაბათიც, სამშაბათიც, ოთხშაბათიც... ყველა დღე გართობისაა აქ”. ერთ-ერთი რუსული სამაკლერო კომპანიაც მსგავსი მარკეტინგული შეფუთვით ცდილობს აქაურობის გაყიდვას: იმოწმებს საერთაშორისო რეიტინგებს, რომ საქართველო შვეიცარიის შემდეგ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა ევროპაში და აუცილებლად აქ უნდა ჩამოვიდნენ საცხოვრებლად და ბინა იყიდონ ბათუმში, რომელიც იტალიის პატარა ნაჭერია.

დიანა კი ამბობს, რომ ბათუმი აქამდე არ გამოირჩეოდა მრავალფეროვნებით. ზღვა, მთები, ქართული სუფრა და კაზინო... თუმცა  ქართველებისა და "რელოკანტების“ 15-თვიანი თანაცხოვრების შემდეგ ქალაქმა დაიწყო ახალი სახის შეძენა. „მე ძალიან კმაყოფილი ვარ ამ პოზიტიური ცვლილებებით. ბათუმი ახლა მოგაგონებს ბალის კუნძულებს, სადაც იყო ჯადოსნური ატმოსფერო თვითჩაღრმავებისთვის.“

“ბათუმი მომეწონა იმიტომ, რომ სოჭს ჰგავს, სადაც მანამდე ვცხოვრობდი. თითქოს არც დამიტოვებია ჩემი მშობლიური მხარე. თავს ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში,“ - ჰყვება მარია.

საქართველოში მცხოვრები რუსების ვიდეომასალის დაკვირვებისას ჩანს, რომ საქართველო არამარტო უცხო და მშვენიერია, არამედ ნაცნობიც, სადაც რუსი მარტო არ არის. აქ ბევრი რუსია. აბორიგენები კი რუსულად გესაუბრებიან. ეს საქართველოს ევროპეიზებულ და მოვლილ უკანა ეზოდ აქცევს, სადაც შეიძლება გამოიქცე დატვირთული და აპათიური რუსული ცხოვრებიდან და რომანტიზმის ზღვაში გადაეშვა. "რატომ უნდა იცხოვრო საქართველოში? იმიტომ, რომ აქ საუკეთესო რუსულენოვანი თემია,“ ამბობს ერთ-ერთი რუსული ტიკტოკ არხი.

ქსენია კი, ფოტო და ვიდეოკოლაჟს ათავსებს: "საქართველომდე - და საქართველოს შემდეგ“. ქსენია საქართველომდე მოწყენილი ჩანს ან/და ბავშვური ღიმილით. საქართველოში კი სექსუალური, გლამურული, ღამის ცხოვრებით დატვირთული

ვინ არის ქართველი?

“ქართველ ტაქსისტს, რომელსაც რუსული ესმოდა, ვკითხე, რატომ მელაპარაკებოდა ინგლისურად? ტაქსისტმა გაიკვირვა, რატომ იყო ვალდებული. მე ვუპასუხე, რომ რახან მას სკოლაში რუსული ასწავლეს, ის რუსულად უნდა მელაპარაკოს. ჩემთვის არ უსწავლებიათ ინგლისური,“ - ამბობს თვითკმაყოფილი, ერთ-ერთი "რელოკანტი“.

"მიმტანს რუსულად ვკითხე რაღაც და უარი თქვა რუსულად საუბარზე. თითქოს მათ არ უნდათ რუსულად საუბარი ან ამას უკრძალავენ...“ - რუსებისთვის უკეთეს შემთხვევაში გაკვირვებას და უარეს შემთხვევაში აგრესიას იწვევს თუ სერვისის სფერო (ტაქსი, კვების ობიექტი, სასტუმრო და ა.შ.) მათ რუსულად არ ესაუბრება. ცხადია, ეს კლასიკური იმპერიალისტური დამოკიდებულებაა, რომელიც არსად გამქრალა არც პუტინის რეჟიმისგან სხვადასხვა მოტივაციით გამოქცეულ რუს ახალგაზრდებში. თავად ამას სერვისის წესებით ამართლებენ. მომსახურების სფეროში დამკვეთნი თუ არიან, მაშინ ვინც მომსახურებას სწევს, დამკვეთს უნდა მოერგოს.  

კომიკოსი არტიომი კი ჰყვება, როგორ არ მოსწონდა ტაქსისტს რუსების შემოდინება საქართველოში, მაგრამ თავად არტიომი როგორ წაიყვანა კახეთში ექსკურსიაზე და აქეიფა. "მე მომწონს, რომ ქართველები, მიუხედავად ყველაფრისა, სტუმართმოყვარეები არიან.“

აქ მცხოვრები რუსების გამოქვეყნებულ ვიდეოებში ხშირად შეხვდებით, რა კარგად მღერის ქართველი ან/და ცეკვავს. როგორ კარგად მასპინძლობს და გამოკვებავს რუსს. როგორი ჭკუამხიარულები არიან ქართველები. "გლოვოს“ კურიერებიც კი როგორი მხიარულები არიან და ცეკვა-ცეკვით მიდიან ამანათის მისატანად ან თუნდაც, ცხენით.

"რატომ სჯობს კავკასიელი ბიჭი რუსს? იმიტომ, რომ ყოველთვის ის იხდის. დღეს შენ გადაიხადე და ხვალ მე - ამას ის არასდროს იტყვის. მე გრუზინი მყავს. თქვენ გოგოებო?“ - კითხულობს იანა, თითქოსდა შინაურ ცხოველზე საუბრობდეს. მე კოკერსპანიელი მყავს. თქვენ გოგოებო?

“ამბობენ, რომ ქალები კაცებში ეძებენ იმას, რაც აკლდათ ბავშვობაში. ვინმე გამაგებინებს, ბავშვობაში გრუზინი რაში მჭირდებოდა?!” - ამბობს იანუში. შემდეგ ვიდეოში კი, მის მოსკოვურ დატვირთულ ცხოვრებას ადარებს საქართველოში ცხოვრებას. "მოსკოვში ტ**ნაში ვიყავი, აქ კი კარგად ვცხოვრობ, აუზში ვჭყუმპალაობ, წვენს ვსვამ, აუზიდან ამოუსვლელად...“

საქართველოში დროებით თუ დიდი ხნით მყოფი რუსებისთვის სოციალურ ქსელებში განთავსებულ მასალებში ქართველი პერსონაჟი ძირითადად მამაკაცია. ცოტათი ჯმუხი და ამაყი;  ხელგაშლილი და გულუბრყვილო; მამაკაცური და რომანტიული... ამ მხრივ, საბჭოთა ნაციონალური პოლიტიკის შემდეგ, ქართველის სახეს დიდი ცვლილებები არ განუცდია. ის კვლავ კოლექტიური "მიმინოა“. რუსი გოგონები სოციალურ ქსელებში ხშირად ამაყად გამოდებენ ხოლმე ამსახველ მასალას, თუ რამდენი ქართველი ბიჭი სწერს და იჩენს მის მიმართ ყურადღებას.

"შენ არ გინახავს საქართველო, თუ აქ არ ყოფილხარ..." - ასე იწყება ხშირად რუსი ბლოგერების ვიდეომიმართვები საქართველოს შესახებ. შინაარსიდან კი მხოლოდ ერთი აზრის გამოტანაა შესაძლებელი: საქართველო გიგანტური აჭარული ხაჭაპურია, რომელიც საშას მიართვეს მანანას სახაჭაპურეში. საქართველო მეტრიანი ქაბაბია, რომელიც ნატაშას მიართვეს ნუგზარის საქაბაბეში. ანდაც დიდ ხინკალში ჩაწყობილი ხინკლებია, ხინკლის სამინისტროდან.  საქართველო  მშვენიერი და ნაზი ბუნებაა და ბოჰემური ქალაქური ღამეები. საქართველო სასმელია, რომელიც წყალივით გადმოედინება ყველგან.

საქართველო არ არის მეცნიერებისა და პროგრესის ქვეყანა. არც ძლიერი სუვერენიტეტისა და მტკიცე უსაფრთხოების. არც სიმდიდრისა და კულტურისა, არც სიღარიბისა და ადამიანური გასაჭირისა, არც პრინციპებისა და ღირებულებებისა.

რუსეთის კოლონიად მსახურება, ცეკვა-თამაში, ჭამა-სმა, "მიუხედავად ყველაფრისა“ მხიარულება, "მიუხედავად ყველაფრისა“ სტუმრთმოყვარეობა არის ის ეგზოტიკური შინაარსი, რომელიც რუსეთმა მიანიჭა საქართველოსა და ქართველს.

ზოგჯერ ეს შინაარსი უფრო ფემინური იყო (საქართველო ქალია, რომელსაც უნდა მოეფერო - რუსულ იმპერიისდროინდელ ლიტერატურაში) ან უფრო მეტად მასკულინური (საბჭოთა ნაციონალურ პოლიტიკის მიერ დამკვიდრებულ სტერეოტიპებში საქართველო სტუმართმოყვარე, ხელგაშლილი და რომანტიული კაცია) მაგრამ დღეის მდგომარეობით, ორივე შინაარსი შეგვრჩა მემკვიდრეობად. ამ კოლონიალისტური და იმპერიალისტური მემკვიდრეობის გადამეორებას ახლადდამკვიდრებული რუსებიც წარმატებით ახდენენ. თუმცა, ამაზე უფრო საშინელი სწორედ ის არის, რომ თავად საქართველოს მოქალაქეებიც იჯერებენ ხოლმე, რომ მათი როლი სამყაროში სწორედ ისეთია, როგორიც დამყრობელმა მოგვიფიქრა.

დამატება: სტატია არის 2016 წელს გამოქვეყნებული სტატიის - ველური ქართველი და საბჭოთა ნაციონალური პოლიტიკა - ლოგიკური გაგრძელება.

სტატია წარმოადგენს მხატვრულ დაკვირვებას. მასში გამოყენებულია სოციალურ ქსელებში მისაწვდომი მასალები: Comigration; Yanush_m; news_batumi; di.rider; siberian_spring; orange_group_batumi; ksendric; Настя Парфенова; Georgia_private_investment და სხვა "Все так душевно, по-домашнему” გვერდები.

კომენტარები