რუსეთ-საქართველო

საქართველოს მთავრობამ გამბედაობა გამოიჩინა, ანტირუსულ ისტერიას არ აჰყვა – რუსეთის დუმა

РИА Новости 

რუსეთის დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტი განცხადებას ავრცელებს და საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებულ პოლიტიკას უწონებს.

"ანტირუსული სანქციების პოლიტიკა საქართველომ სწორად დაახასიათა როგორც თავის მოტყუებად და სიგიჟედ". – ნათქვამია რუსეთის სახელმწიფო დუმის განცხადების სათაურში.

"რამდენად დაძაბულიც არ უნდა იყოს ურთიერთობები მოსკოვასა და თბილისს შორის, საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ გამოიჩინა გამბედაობა არ დამორჩილებოდნენ ანტირუსულ ისტერიას და ეხელმძღვანელათ მხოლოდ ეროვნული ინტერესებითა და საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობით. სწორედ ამის გამო, საქართველოს ეკონომიკა ბოლო ორი წლის განმავლობაში ორნიშნულიანი მაჩვენებლით იზრდება, ამასთანავე რუს ტურისტები ქვეყნისთვის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა". – ნათქვამია განცხადებაში. 

განსხვავებით საქართველოს მთავრობის მიმართ დაფიქსირებული პოზიციისა, რუსეთის დუმა გავრცელებულ განცხადებაში მწვავედ აკრიტიკებს ევროკავშირის პოლიტიკას რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო. 

"ამავდროულად, ევროკავშირი განაგრძობს სანქციების მე-12 პაკეტზე მუშაობას, რითაც გამოხატავს საკუთარ მანიაკალურ სურვილს გაანადგუროს ჩვენი ეკონომიკა ლურსმნების, თხილისა და ღილების ექსპორტის აკრძალვით. მსგავსი შორსმჭვრეტელი ევროპელი ლიდერების გამო, ევროპა ყველა სფეროში არსებული დეგრადაციის კლინიკური ნიშნებით პალატა N6-ად იქცა". – წერია განცხადებაში.

კომენტარები