პოლონეთი

ვარშავა რუსეთში საბჭოთა რეპრესიების პოლონელ მსხვერპლთა ძეგლის მოხსნას გმობს

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

ვარშავამ ქალაქ ირკუტსკთან რეპრესიების დროს პოლონელ მსხვერპლთა ძეგლის დემონტაჟის გამო მოსკოვს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია რუსეთში პოლონეთის ელჩ კშიშტოფ კრაიევსკიზე დაყრდნობით ავრცელებს

"დღეს ჩვენ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთში პოლიტიკური დევნის დროს პოლონელი მსხვერპლთა პატივსაცემი სიმბოლური საფლავის ქვის და მის გვერდით განთავსებული ლიტველ მსხვერპლთა პატივსაცემი ჯვრის დემონტაჟის გამო ნოტა გადავეცით". – აღნიშნა კრაიევსკიმ. 

მისივე თქმით, ორივე მემორიალური ობიექტის დემონტაჟი და გაურკვეველ ადგილას გადატანა "წინააღმდეგობას იწვევს".

გარდა ამისა, კრაიევსკიმ აღნიშნა, რომ მოსკოვთან გაგზავნილ ნოტაში პოლონური მხარე ასევე ითხოვს, მოსკოვმა განმარტოს რატომ და სად გადაიტანეს ძეგლი.

მისი თქმით, პოლონელ მსხვერპლთა ძეგლი რუსეთში პოლონური დიასპორის ორგანიზაციის მიერ 2015 წელს ადგილობრივი ხელისუფლების თანხმობით დაიდგა.

კომენტარები