დაძაბულობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

ალიევმა, ფაშინიანმა და მიშელმა ბრიუსელში შეხვედრა გამართეს

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდნენ.

"მათ ყურადღება გაამახვილეს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობის ნორმალიზაციის გზაზე პროგრესზე. ლიდერები იზიარებდნენ საერთო მზადყოფნას სამხრეთ კავკასიის მშვიდობისთვის. მივესალმები მათ ძალისხმევას და ჩვენ ერთად განვიხილეთ დღის წესრიგის ყველა საკითხი". - აღნიშნა შარლ მიშელმა. 

ევროსაბჭოს პრეზიდენტი, ასევე, შეეხეო აშშ-ს მონაწილეობით მიღწეულ სამშვიდობო ხელმშეკრულებას და დასძინა, რომ ეს იმპულსი უნდა შენარჩუნდეს. 

"ამერიკის შეერთებულ შტატებში სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ ბოლოდროინდელი პოზიტიური მოლაპარაკებების შემდეგ, უნდა შენარჩუნდეს იმპულსი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერისკენ გადამწყვეტი ნაბიჯების გადასადგმელად". - თქვა მიშელმა. 

2 დღით ადრე, 12 მაისს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებები მოხდა

მანამდე, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 11 მაისს, დილის 6:00 საათიდან აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სოფელ სოტკის მიმართულებით მდებარე სომხური პოზიციების მიმართ ნაღმმტყორცნებიდან სროლა დაიწყეს. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივნის, არამ ტოროსიანის თქმით, შედეგად ოთხი სომეხი ჯარისკაცი დაიჭრა, ხოლო ერთი აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა. 

საპირისპირო განცხადება გაავრცელა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ. მათი მტკიცებით, საზღვარზე სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა მოაწყო პროვოკაცია. როგორც აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება წერს, შეტაკებებს ერთი აზერბაიჯანელი სამხედრო ემსხვერპლა.

ბოლო პერიოდში ბაქოსა და ერევანს შორის დაძაბულობა იზრდება. 23 აპრილს აზერბაიჯანმა ლაჩინის დერეფნის გზაზე, რომელიც სომხეთსა და თვითგამოცხადებულ არცახის რესპუბლიკას ერთმანეთთან აკავშირებს, საკონტროლო გამშვები პუნქტი გახსნა. ამასთან დაკავშირებით აშშ-მ შეშფოთება გამოთქვა.

დაძაბულობა არც აშშ-ში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გამართულმა მოლაპარაკებებმა განმუხტა.

ვრცლად მთიანი ყარაბაღის გარშემო არსებულ ბოლოდროინდელ მზარდ დაძაბულობასა და ბაქო-ერევნის სადერეფნო დავაზე წაიკითხეთ სტატიაში – სადერეფნო ომი – სომხეთ-აზერბაიჯანის დაძაბულობა გრძელდება.

კომენტარები