ვაგნერი

ბრიტანეთს სურს, ვაგნერი ტერორისტულ ორგანიზაციად აღიაროს, საფრანგეთი EU-ს იმავესკენ მოუწოდებს

TELEGRAM/@concordgroup_official/AFP/Getty Images

დიდ ბრიტანეთს სურს, კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერი ტერორისტულ ორგანიზაციად ოფიციალურად აღიაროს, მაშინ როცა საფრანგეთი ევროკავშირს იმავესკენ მოუწოდებს.

საფრანგეთის პარლამენტმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირის 27 წევრს მოუწოდებს, ვაგნერი ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანონ.

"სადაც არ უნდა მუშაობდნენ, ვაგნერის წევრები ავრცელებენ არასტაბილურობას და ძალადობას. ისინი ხოცავენ, აწამებენ, ძარცვავენ, აშინებენ და მანიპულირებენ თითქმის სრული დაუსჯელობით". – მიმართა ფრანგი დეპუტატმა, ბენჯამინ ჰადადმა პარლამენტს.

ტერორისტულ ორგანიზაციაში მოხვედრა ნიშნავს, რომ ევროკავშირის წევრებს შეუძლიათ გაყინონ ვაგნერის ჯგუფისა და მისი წევრების აქტივები, ევროპულ კომპანიებსა და მოქალაქეებს კი კომპანიასთან ურთიერთობა აეკრძალებათ.

ამასთანავე, დიდი ბრიტანეთი გეგმავს, კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერი, რუსეთზე ზეწოლის გაზრდის მიზნით, ტერორისტულ ორგანიზაციას ოფიციალურად აღიაროს. 

როგორც The Times-ი წერს, ბრიტანეთის მთავრობამ დაადასტურა, რომ ორთვიანი სამართლებრივი მზადების შემდეგ დაჯგუფების ტერორისტულ სიაში შეყვანა გარდაუვალია და სავარაუდოდ, ეს რამდენიმე კვირაში მოხდება.

გამოცემის მიხედვითვე, ბრიტანეთის გადაწყვეტილება სისხლის სამართლის დანაშაულად აქცევს ვაგნერის შეხვედრებზე დასწრებას, მის მხარდაჭერის წახალისებას ან მისი ლოგოს საჯაროდ ტარებას. 

გარდა ამისა, ეს გამოიწვევს ფინანსურ სასჯელებს, რაც მნიშვნელოვანია, რადგან ორგანიზაციას და მის ყველა წევრს აეკრძალებათ გაერთიანებული სამეფოს სასამართლოების გამოყენება ჟურნალისტებისა და აქტივისტების გასაჩუმებლად. ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, გადაწყვეტილება ნეგატიურ გავლენას იქონიებს ვაგნერის შესაძლებლობებზე, მოიზიდოს სახსრები, იმ შემთხვევაში თუ ამ თანხებს ბრიტანულ ფინანსურ ინსტიტუტებთან ექნება კავშირი.

კომენტარები