ცესკო

ბოკერია ცესკოს თავმჯდომარეზე: აქამდეც აკონტროლებდნენ, ახლა უნდათ, კიდევ უფრო გააკონტროლონ

გიგა ბოკერია

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის წესის ცვლილების შესახებ კანონპროექტს ეხმაურება. მისი თქმით, ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ აჩვენებს საზოგადოებას ქართული ოცნების "თამაშის წესებსა" და დამოკიდებულებას კანონების მიმართ.

"ისინი აქამდეც აკონტროლებდნენ ცესკოს თავმჯდომარეს, მაგრამ ახლა უნდათ, რომ კიდევ უფრო მარტივად გააკონტროლონ. ამაზე საზოგადოების პასუხის უნდა იყოს წინასაარჩევნოდ იმ ატმოსფეროს შექმნა, როგორიც იყო რუსულ კანონთან დაკავშირებით, რომ ან ვერ გაბედონ გაყალბება, ან თუ გაბედავენ, ამას მოჰყვეს ადეკვატური რეაქცია". – თქვა გიგა ბოკერიამ.

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების თანახმად, ცენტრალური საარჩევნო კოდექსის თავმჯდომარისა და რამდენიმე წევრის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილება პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. არსებული კანონმდებლობით, ეს უფლებამოსილება მხოლოდ პრეზიდენტს ჰქონდა. ცვლილების ინიციატორები ქართული ოცნების დეპუტატები არიან.

კანონპროექტის მიხედვით, იცვლება მათ არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა და კვორუმიც. კერძოდ, თუ პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით (76 ხმით) მხარს დაუჭერს, თანამდებობას ხუთი წლის ვადით დაიკავებენ.

ამჟამად ცესკოს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი 6 თვით მესამედაა არჩეული. საქართველოს პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი და ორი წევრი 2021 წლის აგვისტოში 19 აპრილის შეთანხმების საფუძველზე მიღებული ახალი კანონით პირველად 6 თვით აირჩია.

2022 წლის 15 დეკემბერს პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის ცვლილებას. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო მიიჩნევს, რომ კანონპროექტის საბოლოოდ მიღების შემთხვევაში, ფაქტობრივად, უქმდება 2021 წლის 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების შედეგად შემუშავებული წესი და არსებითად უარესდება პარლამენტის მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და პროფესიული წევრების არჩევის პროცედურა.

მოქმედი რეგულაციით, ცესკოს თავმჯდომარე და პროფესიული წევრები აირჩევიან პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3-ით (100 ხმა). ასეთი უმრავლესობით არჩევის შეუძლებლობის შემთხვევაში, მათ პარლამენტის 3/5 ამტკიცებს (90 ხმა), ხოლო თუ ეს კვორუმიც ვერ შეგროვდა, ცესკოს წევრს პარლამენტის უბრალო უმრავლესობა ირჩევს. თითოეულ კენჭისყრას შორის პერიოდი არანაკლებ 4 კვირა უნდა იყოს. ცესკოს თავმჯდომარის ან წევრის 2/3-ით არჩევის შემთხვევაში ის 5 წლით იკავებს თანამდებობას, სხვა შემთხვევაში კი მხოლოდ 6 თვით.

კომენტარები