ლაზარე გრიგორიადისი

სასამართლომ გრიგორიადისის წერილობითი ინტერვიუ ბრალდების მხარის მტკიცებულებად დაუშვა

ტაბულა

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელებზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის საქმის განსახილველ სხდომაზე პროკურატურამ ახალ მტკიცებულებად Interpressnews-ის მიერ გამოქვეყნებული წერილი წარადგინა, მოსამართლე ზვიად შარაძემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

დაცვის მხარის თქმით, წერილი იუმორით, ცინიკურად იყო დაწერილი, გრიგორიადისი ინარჩუნებს დუმილის უფლებას, ხოლო ჟურნალისტთან ინტერვიუს დროს ნათქვამი სიტყვები ვერ ჩაითვლება დანაშაულის აღიარებად. 

მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლე ზვიად შარაძის თქმით, ბრალდებულის წერილი არ ჩაითვლებოდა აღიარებით ჩვენებად, მან მაინც დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და გრიგორიადისის წერილი საქმეს ახალ მტკიცებულებად დაურთო.

ლაზარე გრიგორიადისის საქმის განსახილველი შემდეგი სხდომა 15 იანვარს, 14 საათზე ჩაინიშნა.


ლაზარე გრიგორადისის დედა, თამთა კალანდაძე ტაბულასთან საუბარში ამბობს, რომ ლაზარეს დანაშაული არ უღიარებია. ის მედიას არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

Interpressnews-მა ლაზარე გრიგორიადისის ინტერვიუ 12 დეკემბერს გამოაქვეყნა. როგორც გამოცემა წერს, ლაზარემ მათ კითხვებზე პასუხები გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულებიდან მისწერა. 

ბრალთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, რაც პოლიციელის მიმართ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ეხებოდა, ლაზარეს პასუხის დროს, თავდაპირველად, IPN-ს ციტატაში არ ეწერა “ჰიჰიჰი, უდანაშაულობის პრეზუმფცია”… და ციტატა შემდეგნაირად იყო ჩასმული: "მე ვისროლე „მოლოტოვი“. მობრძანდნენ ჩემთან დაზარალებულები, „ლევომეკოლს“ წავუსვამ და „babuska boi”-ს მოვასმენინებ. მოგვიანებით კი, IPN-მა ეს ციტატა ჩაასწორა და ლაზარეს პასუხი შემდეგნაირად დაწერა: "„მე ვისროლე „მოლოტოვი“ ჰი, ჰი, ჰი. როგორც ჩანს, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა არ არის საკმარისი. მობრძანდნენ ჩემთან დაზარალებულები, „ლევომეკოლს“ წავუსვამ და „babuska boi”-ს მოვასმენინებ.

ასევე, IPN-ის ინტერვიუს გავრცელების შემდეგ, სამთავრობო ტელეკომპანია იმედმა Facebook-ზე ქარდი გამოაქვეყნა, რომელზეც ეწერა: "გრიგორიადისი აღიარებს, რომ მოლოტოვის კოქტეილით პოლიციელს ცეცხლი წაუკიდა, თუმცა, ჩადენილს არ ნანობს".

პოლიციამ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავა. პროკურატურის მტკიცებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე გრიგორიადისმა შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით ორჯერ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი.

კომენტარები