ლაზარე გრიგორიადისი

გრიგორიადისის საქმე – ნოემბერში ჩანიშნული პროცესები დეკემბრამდე გადაიდო

ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესები ნოემბრის ნაცვლად დეკემბერში ჩატარდება. გეგმისამებრ, გრიგორიადისის საქმე დღეს, 15 ნოემბერსა და 17 ნოემბერს უნდა განეხილათ.

როგორც ტაბულას თბილისის საქალაქო სასამართლოში ეუბნებიან, მათ სხდომის გადადების მიზეზი არ იციან. ასევე, ჯერჯერობით უცნობია, პროცესების ჩატარების ზუსტი თარიღები. 

ნოემბრის პროცესების გადადების შესახებ ინფორმაციის გავრცელებამდე, გრიგორიადისის საქმის ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესის გახანგრძლივება, კერძოდ კი, ორი სხდომის დამატება მოითხოვა. 

"წინა სხდომაზე ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ თავის მტკიცებულებებს არ მოხსნიდა და ყველა მტკიცებულება იქნებოდა გამოკვლეული, შესაბამისად, დაიმატა ორი სასამართლო სხდომა ბრალდების მხარემ. გამომდინარე აქედან, ჩვენც დაგვიმატებს სასამართლო ორ სხდომას და 17-ის მაგივრად, ალბათ, დასრულდება ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში" - თქვა ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატმა.


25 სექტემბერს სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისი მამის, ბექა გრიგორიადისის დაჭრის საქმეზე დამნაშავედ ცნო და 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლო პროცესი გრძელდება რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე პოლიციელზე თავდასხმისა და სხვისი ნივთის დაზიანების საქმეზე. 

პოლიციამ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავა. პროკურატურის მტკიცებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე გრიგორიადისმა შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით ორჯერ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი. ამასთან, უწყება დაკავებულს ედავება, რომ მან 9 მარტს, ღამის საათებში განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ტოიოტა კოროლას მოდელის ავტომანქანას.

გრიგორიადისის ადვოკატებმა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მიმართეს. სარჩელის მოტივი ლაზარე გრიგორიადისის შესახებ პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადებების საჯაროდ გავრცელებაა. ადვოკატები ითხოვენ, ღარიბაშვილსა და კობახიძეს დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება, თითოეულს 15 ლარის ოდენობით. მოსარჩელე ასევე მოითხოვს პრემიერმინისტრმა და ქართული ოცნების თავმჯდომარემ მოიხადონ ბოდიში საჯაროდ.

"ჩანს, რომ ყველანაირი ორიენტაცია არეული აქვს", "გზას აცდენილი კაცი" – თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ლაზარე გრიგორიადისზე მისი დაკავების შემდეგ. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კი გრიგორიადისს "ანარქისტი" უწოდა.

კომენტარები