რუსეთ-უკრაინის ომი

ბილ კლინტონი: პუტინმა 2011-ში გამაფრთხილა, რომ ბუდაპეშტის მემორანდუმი ვერ შეაკავებდა

ბილ კლინტონი
CNN

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, ბილ კლინტონის თქმით, პუტინმა ის 2014 წელს უკრაინაში თავდასხმის დაწყებამდე ჯერ კიდევ 3 წლით ადრე გააფრთხილა, რომ ბუდაპეშტის მემორანდუმი ვერ შეაკავებდა. კლინტონის მტკიცებით, ის რუსეთის პრეზიდენტს 2011 წელს გამართულ საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე შეხვდა. 

"პუტინმა 2011 წელს, ყირიმის აღებამდე 3 წლით ადრე მითხრა, რომ ის არ ეთანხმებოდა ჩემ მიერ ბორის ელცინთან დადებულ შეთანხმებას იმის თაობაზე, რომ ბირთვულ იარაღზე უარის თქმის სანაცვლოდ ისინი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას პატივს სცემდნენ... [მითხრა] მე ამას არ ვეთანხმები, არ ვემხრობი და არ მაკავებს. იქიდან მოყოლებული ვიცოდი, რომ ეს მხოლოდ დროის საკითხი იყო". - თქვა კლინტონმა ნიუ იორკში, ებრაულ კულტურულ და საზოგადოებრივ ცენტრში გამართულ შეხვედრაზე. 

ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, 2014 წელს პუტინმა ბუდაპეშტის მემორანდუმის დარღვევაზე თავი იმართლა, რომ მისი გადაწყვეტილება მაიდანის მოძრაობითა და მთავრობის ცვლილებით იყო განპირობებული. მისი თქმით, უკრაინა სხვა სახელმწიფო გახდა.

"ამ სახელმწიფოსთან დაკავშირებით ჩვენ არავითარი სავალდებულო დოკუმენტისთვის ხელი არ მოგვიწერია". - ამტკიცებდა რუსეთის პრეზიდენტი. 

კლინტონთან დიალოგიდან ირკვევა, რომ მას მაიდანამდე წლებით ადრე ჰქონდა გადაწყვეტილება მიღებული. 

1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმით, უკრაინამ უარი თქვა საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად აქ დარჩენილ ბირთვულ არსენალზე, ტერიტორიული მთლიანობის დაცულობისა და უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ.

კომენტარები