რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პრიგოჟინი: მივაღწევ, რომ შოიგუმ და გერასიმოვმა დაჭრილთა და დახოცილთა წინაშე პასუხი აგონ

ევგენი პრიგოჟინი
კადრი პრიგოჟინის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეოდან

კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა კიდევ ერთი ვიდეო გაავრცელა, რომელშიც კვლავ საბრძოლო მასალის უკმარისობაზე საუბრობს.

ამჯერად პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და მის მოადგილე, გენშტაბის მეთაურ ვალერი გერასიმოვს პასუხისგებით ემუქრება.

"დაღუპული და დაჭრილი ათიათასობით ადამიანია, ეს მათ სინდისზეა, ვინც ჩვენ საბრძოლო მასალას არ გვაძლევდა, ესენი არიან თავდაცვის მინისტრი [სერგეი] შოიგუ და გენშტაბის მეთაური [ვალერი] გერასიმოვი. ყველა განაცხადი იწერებოდა, ყველა მოთხოვნა ცხადდებოდა, ჩვენ მათ არ გვაძლევდნენ. ამიტომ, ათიათასობით მოკლულსა და დაჭრილზე, მათი დედებისა და შვილების წინაშე ისინი პასუხს აგებენ. მე ამას მივაღწევ". – თქვა პრიგოჟინმა. 

5 მაისს კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა, რუსმა ოლიგარქმა ევგენი პრიგოჟინმა თავდაცვის სამინისტროს კვლავ მოსთხოვა ჭურვები, დანაკარგების რიცხვების სიდიდეში შოიგუ და მისი მოადგილე დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ საბრძოლო მასალის დეფიციტის გამო, ვაგნერი ქალაქ ბახმუტს 10 მაისს დატოვებდა. ამ განცხადებამდე პრიგოჟინმა გაავრცელა კადრები, რომლებშიც დახოცილი ვაგნერელები ჩანდნენ და მან შოიგუ და მისი მოადგილე, ვალერი გერასიმოვი გალანძღა.

პრიგოჟინის მტკიცებით, მის ძალებს ბახმუტში ასაღები მხოლოდ რამდენიმე კილომეტრი დარჩათ, თუმცა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს "შურიანობაში" ადანაშაულებს. ოლიგარქის მტკიცებით, მის ჯგუფს საბრძოლო მასალის ხელოვნური დეფიციტი მოუწყვეს.

აქამდე, გასულ დღეებში გავრცელებულ ინტერვიუში პრიგოჟინი ამბობდა, რომ თუ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსგან ჭურვებს არ მიიღებდა, შესაძლოა მის ძალებს ქალაქი ბახმუტი დაეტოვებინათ. პრიგოჟინის მტკიცებით, ის რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუსთვის აპირებდა წერილის გაგზავნას, რომელშიც საბრძოლო მასალის დაუყოვნებლივ მიწოდებას სთხოვდა. მან აღნიშნა, რომ წინააღდეგ შემთხვევაში, ვაგნერის ძალების ბახმუტში დარჩენის მიზანშეწონილობის საკითხს წამოჭრიდა.

უკვე რამდენიმე თვეა, რაც ევგენი პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის სამინისტროსგან საბრძოლო მასალის მიწოდებას ითხოვს.

დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქი ბახმუტის გარშემო მძიმე ბრძოლები გასული წლიდან მიმდინარეობს. ამ მიმართულებით რუსეთის მხრიდან ძირითადად ოლიგარქი ევგენი პრიგოჟინის კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფი იბრძვის.

კომენტარები