ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეა მოქალაქეებს წლის ბოლომდე 10 000 გვერდი პროპაგანდის წაკითხვას უბრძანებს

ჩრდილოეთ კორეა მოქალაქეებს მიმდინარე წლის ბოლომდე 10 000 გვერდი პროპაგანდის წაკითხვას უბრძანებს. 

როგორც ერთ-ერთმა წყარომ რადიო თავისუფლებასთან ისაუბრა, 2023 წლის კამპანიის მიზანი ჩრდილოეთ კორეაში არალეგალურად გავრცელებულ სამხრეთ კორეულ ფილმებთან, მუსიკასთან და სატელევიზიო გადაცემებთან დაპირისპირებაა. 

ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს ყოველ დღე 30 გვერდის წაკითხვისკენ და შემდეგ, წაკითხულის შინაარსისა და საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ ჩანაწერების გაკეთებისკენ, რასაც წლის ბოლოს პარტიული ორგანიზაციები შეამოწმებენ.

წყაროზე დაყრდნობით, ქვეყნის ერთ-ერთ პროვინციაში მოქალაქეებს უთხრეს, წაეკითხათ ჩრდილოეთ კორეის მოქმედი და ყოფილი ლიდერების ნაშრომები და სოციალისტური გზავნილის მატარებელი მხატვრული ლიტერატურა. 

"10 000 გვერდის კითხვის მიზანი არა რაიმე კონკრეტული რაოდენობის გვერდის წაკითხვაა, არამედ პოლიტიკური და იდეოლოგიური გადამზადება". – ამბობს ერთ-ერთი წყარო რადიო თავისუფლებასთან.

კომენტარები