თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

"არ მინდა, ეს ტვირთი ვატარო, არ მჯერა, რომ თავი მოიკლა" – ბაჩალიაშვილის საქმის გამომძიებელი

ტელეკომპანია ფორმულასთან ინტერვიუში 2020 წელს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი, სერგო შუბითიძე ამბობს, რომ მას არ სჯერა ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსიის. შუბითიძე საქმეში მისთვის საეჭვო გარემოებებზე საუბრობს და ამბობს, რომ გამოძიება, შესაძლოა, გაყალბებული იყოს.

"ღამე ცუდად მძინავს და მისი სახე დღემდე თვალწინ მიდგას. ის გვამი... მისი სახე. მინდა რომ თუნდაც ამ საქმეზე სამართალი დადგეს. მე არ მჯერა, რომ თავი მოიკლა, სხვა რა გითხრათ არ ვიცი. არ მინდა, რომ ეს ტვირთი მარტო მე ვატარო, სხვებმაც ატარონ, ვისაც ეკუთვნით". – ამბობს შუბითიძე.

გამომძიებელი რამდენიმე გარემოებაზე მიუთითებს, პირველი თამარ ბაჩალიაშვილის მობილურ ტელეფონს უკავშირდება. მისი თქმით, საეჭვო გარემოება იყო, როცა მის კაბინეტში დეტექტივის თანაშემწე, ელგუჯა აპუაშვილი მივიდა, გახსნილი და გაწმენდილი მობილური ტელეფონი ლუქთან ერთად მიუტანა და უთხრა, რომ მას თავიდან უნდა დაელუქა.

"ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიება მე დავიწყე. ასევე მე დამევალა, რომ დადგენილება გამეკეთებინა გვამის ექსპერტიზის დანიშვნასთან დაკავშირებით. სწორედ ამ პერიოდში ჩემთან მოვიდა თანამშრომელი, ეს პირი ახლა მუშაობს თეთრიწყაროს რაიონულ სამმართველოში, საგამოძიებო ხაზით. ეს არის ელგუჯა აპუაშვილი, რომელმაც მოიტანა ტელეფონი და ლუქი. მან მთხოვა, რომ ტელეფონი დამელუქა, საუბარია ბაჩალიაშვილის ტელეფონზე, რომელიც მანქანიდან ამოიღეს. ელგუჯას ვკითხე, ეს ტელეფონი რა იყო და გამიკვირდა. აპუაშვილმა მთხოვა, რომ ტელეფონი დამელუქა. ამაზე ვუთხარი, რომ ეს სწორი არ იყო, თუ ტელეფონი იყო ამოღებული შემთხვევის ადგილზე, იქვე უნდა დალუქულიყო. ტელეფონი იყო დაულუქავ მდგომარეობაში. როცა პრეტენზია გამოვთქვი, მითხრა, რომ შემეძლო ხელმძღვანელობისთვის დამერეკა. დავლუქე და გავატანე უკან. ტელეფონს სანამ დავლუქავდი, იმ მომენტისთვის ის გამორთული იყო. სანამ მომიტანდა ამ ტელეფონს, სავარაუდოდ მოხდებოდა ამ ტელეფონის ან გახსნა, ან დათვალიერება.

მეორე თუ მესამე დღეს, ოქმის საფუძველზე ტელეფონი გავხსენი და დავიწყე დათვალიერება. ვათვალიერებდი ყველა შეტყობინებას, შემავალ და გამავალ ზარებს, Whatsapp-ს და Viber-ს. რომ ვათვალიერებდი, გამიჩნდა ერთადერთი კითხვა, 18 ივლისამდე, ანუ, დავუშვათ, 17, 16, 15 რიცხვის არანაირი ნომრები და მესიჯები არ იყო შემოსული, იყო მხოლოდ საქართველოს ბანკიდან და ასეთი  შეტყობინებები. ეს ძალიან გამიკვირდა, რადგან ასეთი გაქანების გოგოს, მითუმეტეს ასეთ ადგილას მუშაობდა, წესით უნდა ჰქონოდა რამე ზარები. ელგუჯა აპუაშვილს ეს ტელეფონი არ უნდა ჰქონოდა. კითხვებია, ვინ მისცა ეს ტელეფონი, ვინ გამოატანა? ტელეფონს არ ჰქონდა არანაირი ლაქა. თუ იქნებოდა, ჩვენ ოქმში მივუთითებდით, რადგან როცა რამე დაზიანებაა ნივთზე ან ლაქა, ამას ვუთითებთ, რომ შემდგომ, თუნდაც მფლობელს პრეტენზია არ გაუჩნდეს". – თქვა შუბითიძემ.

ყოფილი გამომძიებელი ასევე საეჭვოდ მიიჩნევს ბაჩალიაშვილის სხეულის მდგომარეობასაც. მისი აზრით, გვამი რამდენიმე დღის მანქანაში გატარებამდე, შესაძლოა, რაღაც დროის განმავლობაში მიწაზე იყო დატოვებული.

"გვამი იყო გასივებული და სხეულის არც ერთი ნაწილი არ იყო ცარიელი. თვალებიდანაც მატლები ამოდიოდნენ. ფაქტობრივად ვერ მოხდა დათვალიერება, როგორიც უნდა მომხდარიყო, რადგან გვამი ლპობაში იყო წასული. იყო ვერსიები თითქოს მანქანაში ბუზი შეფრინდა, მაგრამ მანქანის საქარე მინები აწეული იყო, განა რამდენი ბუზი უნდა შეფრენილიყო. მე უფრო იმ ვერსიას ვუშვებ, რომ მანამდე მიწაზე იყო და მერე... თუ მიწაზე იქნებოდა, უფრო მეტი მატლი გაუჩნდებოდა და შესაძლოა, რომ ასეთი ყოფილიყო, მაგრამ მანქანაში?" – თქვა შუბითიძემ.

ფორმულას ინფორმაციით, შუბითიძე საქმეს დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, ვიდრე გამოძიებას თბილისის ბიურო გადაიბარებდა. შუბითიძე ასევე ამბობს, რომ გამოძიების დროს ყველა გამომძიებელს პროკურატურიდან გამოეგზავნა წინასწარ გაწერილი კითხვარი, რომლითაც უნდა ეხელმძღვანელათ და მის ფარგლებს არ გასცდენოდნენ.


23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა 2020 წლის 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს, დილის 11:00 საათზე სახლიდან გავიდა და მას შემდეგ ახლობლებთან კონტაქტი არ ჰქონია. ოჯახის წევრები თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავდნენ.

იმავე წლის 17 დეკემბერს პროკურატურამ საქმის გამოძიება დაასრულა და განაცხადა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

კომენტარები