თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

"ერთწლიანი პირობითი მისცეს" – ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი გაათავისუფლეს

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი, სერგო შუბითიძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს. მას ბრალდება ცრუ ჩვენებას ედავებოდა. სერგო შუბითიძემ ბრალდება აღიარა. 

"ეს მუხლი ნაკლებად მძიმე იყო და ერთწლიანი პირობითი მისცეს, ამავე რაოდენობის გამოსაცდელი ვადით“, - უთხრა ინტერპრესნიუსს ადვოკატმა.

სერგო შუბითიძე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით 25 ივნისს დააკავეს. ის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, ვიდრე გამოძიებას თბილისის ბიურო გადაიბარებდა.

დაკავების შემდეგ, ადვოკატი დარეჯან ბუცხრიკიძე ამბობდა, რომ სერგო შუბითიძეს შეეშალა, როდესაც თქვა, რომ ბაჩალიაშვილის ტელეფონი გასუფთავებული მიუტანეს და დალუქა. ადვოკატის განმარტებით, ბაჩალიაშვილის საქმეზე "არაერთი მობილური ტელეფონი ამოიღეს" და მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბაჩალიაშვილის ტელეფონი სხვა მობილურ ტელეფონში "აერია".

"ბრალდებულმა აღიარა და მოინანია ბრალად წარდგენილი ქმედება იმასთან დაკავშირებით, რომ მას მობილური ტელეფონი შეეშალა. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიებისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებია. გამოკითხვის ოქმში მან ზოგადად დააფიქსირა, რომ აღიარებს და ინანიებს ქმედებას. რაც შეეხება მოტივაციას და იმას, თუ რატომ მიაწოდა მან სასამართლოს ცრუ ჩვენება, აღნიშნულთან დაკავშირებით ბრალდებულს ბრალის წარდგენის დროს არ უსაუბრია", - აცხადებდა პროკურორი რამდენიმე თვის წინ.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა 2020 წლის 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს, დილის 11:00 საათზე სახლიდან გავიდა და მას შემდეგ ახლობლებთან კონტაქტი არ ჰქონია. ოჯახის წევრები თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავდნენ.

იმავე წლის 17 დეკემბერს პროკურატურამ საქმის გამოძიება დაასრულა და განაცხადა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

კომენტარები