თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

"სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა" – ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყდა (VIDEO)

საქართველოს პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა.

"მოპოვებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ". - აცადებს პროკურატურა.

უწყების ცნობით, დამუშავდა და გაანალიზდა ასეულობით საათის ვიდეოჩანაწერები, საკომუნიკაციო ოპერატორებისაგან მიღებული ინფორმაცია ათასობით სატელეფონო აქტივობის შესახებ.

"აღდგენილი და შესწავლილ იქნა თამარ ბაჩალიაშვილის ტელეფონსა და კომპიუტერში არსებული ყველა ინფორმაცია; საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი უწყებების დახმარებით facebook-იდან და Instagram-იდან გამოვითხოვეთ სოციალურ ქსელებში თამარ ბაჩალიაშვილის პირად ანგარიშებთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია;

ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რის შედეგადაც დადგინდა არა მხოლოდ თამარ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის გარემოებები, არამედ გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი, მისი სიცოცხლის ბოლო წლების დეტალები და ფაქტები". - ნათქვამია განცხადებაში.

პროკურატურის ცნობით, საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე "წუთობრივი სიზუსტით იქნა რეკონსტრუირებული" თამარ ბაჩალიაშვილის მიერ თვითმკვლელობის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესი. უწყების მტკიცებით, ბაჩალიაშვილს "გრძნობები გაუჩნდა მისი უფროსის" მიმართ და 2017 წლიდან, ვებგვერდ momavali.me-დან, სხვადასხვა შინაარსის სასიყვარულო შეტყობინებებს უგზავნიდა.

"აღნიშნულ შეტყობინებებში თამარ ბაჩალიაშვილი საუბრობს ნ.გ.-სადმი მის სიყვარულზე, იმაზე, თუ როგორ იტანჯება და ფიქრობს თვითმკვლელობაზე.

ვებგვერდ momavali.me-ს საშუალებით, თამარ ბაჩალიაშვილი საკუთარ თავსაც უგზავნიდა წერილებს, სადაც ასევე საუბრობდა თვითმკვლელობაზე, - რომ სურს სიკვდილი, მაგრამ ამას ვერ აკეთებს. 2020 წლის 20 თებერვალს გაგზავნილ წერილში, რომელიც უნდა მიეღო 2020 წლის 27 ივნისს, თამარ ბაჩალიაშვილი საკუთარ თავს ეკითხება: ისევ ისე ცუდად ხარ და ისევ ხშირად ფიქრობ სიკვდილზე? ან იქნებ უკვე იცი კიდეც, რა არის?". - ნათქვამია განცხადებაში.

პროკურატურის ცნობითვე, "2020 წლის 21 თებერვალს თამარ ბაჩალიაშვილმა Facebook-ის ერთ-ერთ ჯგუფში დაწერა შეტყობინება, რომ ხშირად აწუხებს სუიციდური აზრები, ერთხელ სცადა და არ გამოუვიდა, ხშირად აწყობს გეგმებს და არჩევს გზებს, რომელი ჯობს მიზნის მისაღწევად და ითხოვს, ურჩიონ ფსიქოლოგი ან ფსიქიატრი. 2020 წლის თებერვლის თვეში თამარ ბაჩალიაშვილმა დაიწყო სიარული ფსიქოლოგთან".

საგამოძიებო უწყება ირწმუნება, რომ თამარ ბაჩალიაშვილი Google-ის საძიებო სისტემაში ეძებდა სტატიებს თვითმკვლელობის გზების მოსაძებნად, ასევე, ურეცეპტო საძილე აბებს.

"ძებნის შედეგებიდან თამარ ბაჩალიაშვილი გადავიდა ბმულებზე, სადაც მითითებულია ვრცელი ინფორმაცია ერთ-ერთი პრეპარატის გადაჭარბებული დოზით მიღების შედეგებზე, მათ შორის, როგორიცაა - გულის მწვავე უკმარისობა და გულის გაჩერება. სწორედ ამ კონკრეტული მედიკამენტის ცარიელი ფირფიტები, რომელზეც აღმოჩნდა მხოლოდ თამარ ბაჩალიაშვილის დნმ, ამოღებულ იქნა მისი ავტომანქანიდან, ხოლო მედიკამენტის შემადგენლობა, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სხვა პრეპარატებთან ერთად გადაჭარბებული დოზით აღმოჩნდა მის ორგანიზმში" - აცხადებს პროკურატურა.

უწყების ცნობით, მას შემდეგ, რაც თამარ ბაჩალიაშვილმა მედიკამენტები იყიდა, ვებგვერდ Momavali.me-ს მეშვეობით, ორი ელექტრონული წერილი შინაარსით - "მართლა ძალიან მიყვარდი" და "კმაყოფილი ხარ?“ - გაუგზავნა შპს ზეგში მის უფროსს ნ.გ.-ს, რომლებიც ადრესატს 2021 წლის 17 ივლისს და 2022 წლის 21 ივლისს უნდა მიეღო. ამავე ვებგვერდის მეშვეობით 18:07:31 საათზე, თამარ ბაჩალიაშვილმა საკუთარ ელექტრონულ ფოსტაზე გააგზავნა წერილი საკუთარი თავისადმი შეკითხვით - "ცოცხალი ხარ?“, რომელიც უნდა მიეღო 2021 წლის 21 ივლისს.

"იმავე დღეს, თამარ ბაჩალიაშვილმა საძიებო სისტემაში დაძებნა - "ფეისბუქის ანგარიშის გაუქმება სიკვდილის შემდეგ“ და გაეცნო ინფორმაციას - „როგორ მოვითხოვო ოჯახის გარდაცვლილი წევრის ფეისბუქ ექაუნთის გაუქმება“... Facebook-დან გამოთხოვილი ინფორმაციით დადასტურდა, რომ სხვა გარეშე პირის მხრიდან თამარ ბაჩალიაშვილის პირად ანგარიშზე წვდომას ადგილი არ ჰქონია და 2020 წლის 28 ივლისს განხორციელდა ამ ანგარიშის მემორიალიზაცია" - აცხადებს პროკურატურა.

ასევე, საგამოძიებო უწყების ცნობით, დადგინდა, რომ 18 ივლისს, ავტომანქანის საჭესთან იჯდა თამარ ბაჩალიაშვილი და მის გარდა ავტომანქანაში არავინ მჯდარა. 

"საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის, ასევე თამარ ბაჩალიაშვილის გვამის სასამართლო-სამედიცინო და ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზია მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია. გვამის გამოკვლევა 22 ივლისს ჩატარდა, და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მისი სიკვდილიდან გასული იყო დაახლოებით 4 დღე. ამავე საექსპერტო დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის გვამზე მექანიკური დაზიანების რაიმე ნიშნები, მათ შორის ინექციის, ანუ ნანემსრების კვალი, არ აღინიშნებოდა. მექანიკური ზემოქმედებისთვის დამახასიათებელი დაზიანებები ასევე არ აღინიშნებოდა თამარ ბაჩალიაშვილის ტანსაცმელზე. შესაბამისად, საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების პარალელურად, უტყუარი საექსპერტო კვლევებით იქნა უარყოფილი ყველა ვერსია თამარ ბაჩალიაშვილის ძალადობრივი სიკვდილის შესახებ. თვითმკვლელობის განხორციელებისას სხვა პირთა ავტომანქანაში ყოფნა, ასევე, გამოირიცხა ბიოლოგიური საექსპერტო კვლევებით, რომელთა თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანაში არსებულ ნივთებზე, მათ შორის წყლის ცარიელ ბოთლზე აღმოჩნდა თამარ ბაჩალიაშვილის დნმ-ის კვალი" - აცხადებს პროკურატურა.

საგამოძიებო უწყების ცნობით, გადამოწმდა, ხომ არ ჰქონია ადგილი თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ რაიმე უკანონო ქმედების ჩადენის ფაქტს, რასაც შეეძლო გამოეწვია მისი თვითმკვლელობამდე მიყვანა.

"ამ მიზნით მისი მობილური ტელეფონიდან და პორტატიული კომპიუტერიდან გამოთხოვილი იქნა სრული ინფორმაცია, ამავდროულად ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტურ ორგანოებში გაიგზავნა შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების თაობაზე, რომლის ფარგლებშიც მოთხოვნილ იქნა თამარ ბაჩალიაშვილის „facebook” -ანგარიშიდან, „Google LLC“- დან, WhatsApp Inc.“- დან, „Instagram“-დან და „LinkedIn “- დან მომხმარებლის მიერ ყველა სახის აქტივობის, მათ შორის წაშლის/გაუქმების/დეაქტივირების შესახებ ინფორმაცია, ასევე გამოყენებული IP მისამართები და კომპიუტერული ტექნიკა. გამოძიების ეტაპზე, სამართლებრივი დახმარების ფარგლებში მოპოვებული იქნა თამარ ბაჩალიაშვილის პირად „Instagram“ და სოციალურ ქსელ „Facebook“ გვერდებზე შესული IP მისამართების თაობაზე დეტალური ინფორმაცია, რომლითაც დადგინდა, რომ არაავტორიზებულ შეღწევას, ინფორმაციის წაშლას, ჩაწერას, ჩასწორებას და პროგრამების ინსტალაციას - ინფორმაციის არალეგალურად მოპოვებას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, არ დადასტურდა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატების ვერსია სოციალურ ქსელებში არსებული მიმოწერისა და სხვა აქტივობის, მოკლე ტექსტური შეტყობინებების და განხორციელებული სატელეფონო ზარების შესახებ ინფორმაციის შეცვლის ან წაშლის თაობაზე" - ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, გამოძიების ცნობით, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი კომპიუტერის და მობილური ტელეფონის ოპერაციულ სისტემებში არ ყოფილა დაინსტალირებული "რაიმე მავნე, ჰაკერული ტიპის პროგრამა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნებოდა ამ მოწყობილობებში ან ამ მოწყობილობებიდან სხვა მოწყობილობებში არაავტორიზებული შეღწევა და ინფორმაციის წაშლა, ჩაწერა, ჩასწორება, პროგრამების ინსტალაცია და ინფორმაციის არალეგალურად მოპოვება". 

პროკურატურა "საქმეზე არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით", მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე შექმნილ ვიდეომასალას ავრცელებს. მათი განცხადებაში, ვიდეოში დეტალურად არის გადმოცემული თამარ ბაჩალიაშვილის ბოლო პერიოდის მოქმედებები და მისი გადაადგილება.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ხუთდღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს, დილის 11 საათზე სახლიდან გავიდა და მას შემდეგ ახლობლებთან კონტაქტი არ ჰქონია. ოჯახის წევრები თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავდნენ.

კომენტარები