თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

ბაჩალიაშვილის საქმეზე ცრუ ჩვენების გამო დაკავებულ ყოფილ გამომძიებელს პატიმრობა შეეფარდა

სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილ გამომძიებელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე 5 000-ლარიან გირაოს ითხოვდა. სერგო შუბითიძეს გამოძიება ცრუ ჩვენების მიცემას ედავება, რაც როგორც პროკურორის, ისე ადვოკატის ცნობით, ბრალდებულმა აღიარა კიდეც.

"ბრალდებულმა აღიარა და მოინანია ბრალად წარდგენილი ქმედება იმასთან დაკავშირებით, რომ მას მობილური ტელეფონი შეეშალა. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიებისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებია. გამოკითხვის ოქმში მან ზოგადად დააფიქსირა, რომ აღიარებს და ინანიებს ქმედებას. რაც შეეხება მოტივაციას და იმას, თუ რატომ მიაწოდა მან სასამართლოს ცრუ ჩვენება, აღნიშნულთან დაკავშირებით ბრალდებულს ბრალის წარდგენის დროს არ უსაუბრია. მოცემულ შემთხვევაში, პროკურატურა ბრალდებულის მიმართ ითხოვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, ვინაიდან, არსებობს მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის და საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის განადგურების საფრთხე. მიგვაჩნია, რომ პატიმრობა არის ერთ-ერთი რელევანტური აღკვეთის ღონისძიება", - განაცხადა პროკურორმა მარი მეშველიანმა, ინტერპრესნიუსის ცნობით.

დაკავებულის ადვოკატის დარეჯან ბუცხრიკიძის თქმით, სერგო შუბითიძეს შეეშალა, როდესაც თქვა, რომ ბაჩალიაშვილის ტელეფონი გასუფთავებული მიუტანეს და დალუქა. ადვოკატის განმარტებით, ბაჩალიაშვილის საქმეზე "არაერთი მობილური ტელეფონი ამოიღეს" და მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბაჩალიაშვილის ტელეფონი სხვა მობილურ ტელეფონში "აერია".

სერგო შუბითიძე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით 25 ივნისს დააკავეს. ის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, ვიდრე გამოძიებას თბილისის ბიურო გადაიბარებდა.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა 2020 წლის 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს, დილის 11:00 საათზე სახლიდან გავიდა და მას შემდეგ ახლობლებთან კონტაქტი არ ჰქონია. ოჯახის წევრები თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავდნენ.

იმავე წლის 17 დეკემბერს პროკურატურამ საქმის გამოძიება დაასრულა და განაცხადა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

კომენტარები