დონალდ ტრამპი

სასამართლოზე მიცემულ ჩვენებაში ქეროლი ამტკიცებს, რომ დონალდ ტრამპმა გააუპატიურა

REUTERS AND GETTY

ამერიკელი ჟურნალისტი, მწერალი და ჟურნალ Elle-ს ყოფილი მიმომხილველი, 79 წლის ელიზაბეთ ჯინ ქეროლი დონალდ ტრამპს 30 წლის წინ გაუპატიურების გამო უჩივის. მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში მიმდინარე გაუპატიურებისა და ცილისწამების პროცესზე მიცემულ ჩვენებაში მან თქვა, რომ საქმე საკუთარი ცხოვრების დასაბრუნებლად წამოიწყო.

“აქ ვარ იმიტომ, რომ დონალდ ტრამპმა გამაუპატიურა და როდესაც ამის შესახებ დავწერე, მან იცრუა და თქვა, რომ ეს არ მომხდარა. მან იცრუა და შეარყია ჩემი რეპუტაცია. აქ ვარ იმისთვის, რომ ვცადო და ცხოვრება დავიბრუნო”. - ამბობს ქეროლი.

მწერალმა დასძინა, რომ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შემდეგ, ვერ შეძლო რომანტიკული ცხოვრების გაგრძელება.

ქეროლი ამტკიცებს, რომ ტრამპი მას მანჰეტენის უნივერმაღში, Bergdorf Goodman-ის მაღაზიაში მიუახლოვდა, ფლირტისთვის დამახასიათებელი ხუმრობებით გამოელაპარაკა და მეგობრისთვის საჩუქრის ყიდვაში დახმარება სთხოვა. მისი თქმით, ხუმრობა მალევე დასრულდა, როდესაც ტრამპმა ქალის თეთრეულის მოსინჯვა სთხოვა და გასახდელში გაჰყვა. შესვლისთანავე, ტრამპმა კარი დახურა, ქეროლი კედელთან მიიმწყვდია და გააუპატიურა.

ქეროლმა სავარაუდო ფაქტის შესახებ პირველად 2019 წელს ილაპარაკა. ტრამპმა, რომელიც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობს, არაერთხელ უარყო აღნიშნული ბრალდება.

კომენტარები