აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ვადისთვის ბრძოლა ოფიციალურად გამოაცხადა.
"საქმე ბოლომდე მივიყვანოთ, ვიცი ეს შეგვიძლია". - ამბობს ბაიდენი.
ბაიდენმა გადაწყვეტილების შესახებ ამომრჩეველს ვიდეოთი ამცნო, სადაც აღნიშნა, რომ მისი ამოცანაა, დაიცვას დემოკრატია. პრეზიდენტმა გაიხსენა მისი წინამორბედის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერების მიერ 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმა.
"ოთხი წლის წინ, როდესაც პრეზიდენტობისთვის კენჭს ვიყრიდი, ვთქვი, რომ ჩვენ ვიბრძვით ამერიკის სულისთვის და ახლაც ასეა. არ არის თვითკმაყოფილების დრო. ამიტომ ვაპირებ არჩევნებში მონაწილეობას". - აღნიშნა ამერიკის პრეზიდენტმა.
ბაიდენი ასაკით ყველაზე დიდი პრეზიდენტია და მისი ასაკი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა დემოკრატიული პარტიისთვის, რომელსაც ახლა წარმომადგენელთა პალატაში უმცირესობა აქვს და 2024-ში სენატორების რთული არჩევნები აქვს წინ.
ბაიდენი მეორე ვადის ბოლოს 86 წლის იქნება, რაც ცხრა წლით აჭარბებს აშშ-ში მამაკაცის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას.