ონკოლოგიური დაავადებები

პრემიერი: ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების უცხოეთში მკურნალობას სრულად დავაფინანსებთ

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვის უცხოეთში მკურნალობას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს. პრემიერმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ ქვეყანაში ასეთი დიაგნოზის მქონე 300 ბავშვია. მისი თქმით, შერჩეული აქვთ უცხოეთში საუკეთესო კლინიკები და ბიუჯეტი 30 მილიონ ლარამდე იქნება.

"300-მდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვი გვყავს, ჩვენი მოქალაქე. რა თქმა უნდა, სახელმწიფო აფინანსებს მათ მკურნალობას, წელიწადში მათთვის გამოყოფილია 10 მლნ ლარი დაახლოებით, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ საქართველოში სამწუხაროდ დღეს არ არის ყველა ის პირობა შექმნილი, რომ სრულყოფილი და რაც მთავარია, ხარისხიანი და მაღალი სტანდარტის სერვისები მივაწოდოთ.

ხშირ შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება ამ ბავშვების მკურნალობა საზღვარგარეთ. ისეთი სერვისები, როგორიცაა, თუნდაც პროტონული თერაპია, დასხივება და ა.შ. რაც მრავალი ათასი ამერიკული დოლარი ჯდება. ზოგ შემთხვევაში შეიძლება 100 000 ევრო დაჯდეს ერთი კურსი. რა თქმა უნდა, ამის საშუალება ჩვენს მოქალაქეებს არ აქვთ, ყველას არ აქვს ამის საშუალება და სახელმწიფოსაც, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს გარკვეული შეზღუდვები ამ მიმართულებით. რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამით ფინანსდება ასეთი მომსახურება, ამიტომ ეს საკითხი იყო გადაუწყვეტელი და მოუწესრიგებელი.

 ჩვენი გადაწყვეტილებით, 300 ონკოლოგიური პაციენტი, ბავშვი, სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ჩვენ შერჩეული გვაქვს, უკვე გამოკვეთილია რამდენიმე საუკეთესო კლინიკა მთელ მსოფლიოში, სადაც მოხდება ამ ბავშვების მკურნალობა. აქვე მინდა ვთქვა, რომ ბიუჯეტი დაახლოებით 30 მლნ ლარამდე იქნება გამოყოფილი და ჩვენ სრულად დავფარავთ ყველა ხარჯს, იქნება ეს მკურნალობის, ცხოვრების, მგზავრობის. ასე რომ ყველა ბავშვი, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვი, დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ, ესაა დაახლოებით 300 ბავშვი წელიწადში" - განაცხადა ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ "ამ პროგრამის შემდეგ არცერთ ბავშვს არ ექნება დაფინანსების პრობლემა. არცერთ ოჯახს არ შეექმნება პრობლემა, ყველას ვუმკურნალებთ მსოფლიოში აღიარებულ საუკეთესო კლინიკებში".

კომენტარები