კოსოვო

ევროპარლამენტმა კოსოვოსთან ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა კოსოვოსთან ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა. როგორც ევროპარლამენტი აღნიშნავს, კოსოვოსთან უვიზო მიმოსვლა ძალაში მას შემდეგ შევა, რაც ამოქმედდება ევროკავშირის მოგზაურობის საინფორმაციო და ავტორიზაციის სისტემა ETIAS, არაუგვიანეს 2024 წლიდან.

ვიზალიბერალიზაციის შედეგად, კოსოვოს მოქალაქეები ევროკავშირში 180-დღიან პერიოდში 90 დღით შეძლებენ უვიზოდ მოგზაურობას.

კოსოვოსთან ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ, დასავლეთ ბალკანეთის მთელი რეგიონი შენეგენის ზონასთან ერთნაირი სავიზო რეგულაციებით იხელმძღვანელებს.

შესაბამის რეგულაციას დღეს ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა და ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, შვედეთის წარმომადგენელი მოაწერენ ხელს.

კოსოვომ დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. ამავდროულად, კოსოვოს დამოუკიდებლობას არ აღიარებს ევროკავშირის წევრი 5 ქვეყანა – კვიპროსი, საბერძნეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი და ესპანეთი.

კომენტარები