გაერთიანებული სამეფო - რუსეთი

დაუდენი: რუსეთთან დაკავშირებული კიბერჯგუფები გაერთიანებული სამეფოს ინფრასტრუქტურას უტევენ

გაერთიანებული სამეფოს მინისტრთა კაბინეტის ადმინისტრაციის უფროსი, ოლივერ დაუდენი

19 აპრილს გაერთიანებულმა სამეფომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც რუსეთთან დაკავშირებული კიბერჯგუფები გაერთიანებული სამეფოს და დასავლეთის ქვეყნების ინფრასტრუქტურას უტევენ.

მანამდე, ამგვარი კიბერშეტევები ძირითადად უკრაინის ინფრასტრუქტურაზე იყო ორიენტირებული. გაერთიანებული სამეფოს ინფორმაციით, დასავლეთის ინფრასტრუქტურაზე შეტევა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 1 წლის თავზე, პირველი შემთხვევაა. 

"ცხადი გახდა, რომ გარკვეულ სახელმწიფოსთან დაკავშირებულ ჯგუფებს აქვთ განზრახვა ზიანი მიაყენონ კრიტიკულ ეროვნულ ინფრასტრუქტურულ ორგანიზაციებს და მნიშვნელოვანია, რომ სექტორმა ეს იცოდეს" - ამბობს გაერთიანებული სამეფოს კიბერუსაფრთხოების ცენტრის კრიტიკული ეროვნული ინფრასტრუქტურის დირექტორი.

როგორც განცხადებაში წერია, ამჟამად, ეს თავდასხმები ძირითადად სამთავრობო უწყებებისა და კომპანიების ვებსაიტებზე არის ფოკუსირებული. თუმცა, გაერთიანებული სამეფოს მინისტრთა კაბინეტის ადმინისტრაციის უფროსმა, ოლივერ დაუდენმა თქვა, რომ პოლიტიკურად მოტივირებული ჯგუფები ენერგეტიკისა და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურასაც უმიზნებენ. მისივე თქმით, ოფიციალური მტკიცებულება იმისა, რომ ასეთი თავდასხმები ხდება, ლონდონს ჯერ არ აქვს.

"ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ეს ჯგუფები ჩრდილში დარჩნენ, ჩვენ გვსურს, რომ კომპანიებმა გააცნობიერონ საფრთხეები, რომლებიც მათ ემუქრებათ და მიიღონ ზომები საკუთარი თავის და ქვეყნის დასაცავად" - თქვა დაუდენმა.

კომენტარები