დაძაბულობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს კვლავ ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ

აზერბაიჯანელი სამხედრო და პოლიციელი ქალბაჯარის რაიონში, 2020 წლის 21 დეკემბერი.
Reuters

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯანული მხარის მიერ მოწყობილი პროვოკაციის შედეგად, სულ მცირე, 4 სამხედრო დაიღუპა, 6 კი დაშავდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ამავდროულად, თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანულმა მხარემ დიდი დანაკარგები განიცადა. ამ დროისთვის კი ვითარება სტაბილურია.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სომეხი ჯარისკაცების მიმართულებით ცეცხლი იმ დროს გახსნეს, როდესაც ისინი სიუნუქის რაიონის ერთ-ერთ დასახლებასთან საინჟინრო სამუშაოებს აწარმოებდნენ. სომხური მხარის ცნობით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ნაღმმტყორცნები გამოიყენეს.

პარალელურად, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო 3 აზერბაიჯანელი სამხედროს დაღუპვას ადასტურებს. მათი ცნობით, ცეცლი თავდაპირველად სომხურმა მხარემ ლაჩინის რეგიონის მიმართულებით გახსნა, რასაც აზერბაიჯანელი სამხედროების რეაგირება მოჰყვა. 

ამასთან, აზერბაიჯანის თავადცვის სამინისტროს ცნობით, საპასუხო ცეცხლის შედეგად სომხურმა მხარემ მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა.

კომენტარები