შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება

ბორელი & ბრინკი: რუსეთმა დაბლოკა 50 ხომალდი, რომელსაც უკრაინული მარცვლეული უნდა გადაეზიდა

უსაფრთხოებისა და საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელისა და უკრაინაში აშშ-ს ელჩის, ბრიჯიტ ბრინკის თქმით, რუსეთმა დაბლოკა 50 ხომალდი, რომელსაც უკრაინული მარცვლეული უნდა გადაეზიდა

"რუსეთი შავ ზღვაში კიდევ ერთხელ ბლოკავს 50 ხომალდს, რომელსაც სასწრაფოდ აუცილებელი მარცვლეული გადაჰქონდა. ევროკავშირი მხარს უჭერს გაეროს და გააგრძელებს ექსპორტის ხელშეწყობას ევროკავშირის სოლიდარობის დერეფნების მეშვეობით, რომელმაც მსოფლიოს 25 მილიარდი ტონა მარცვლეული მოუტანა". – წერს ბორელი Twitter-ზე.

გარდა ბორელისა, რუსეთის მიერ შავ ზღვაში მარცვლეულით დატვირთული ხომალდების ბლოკირებაზე უკრაინაში აშშ-ს ელჩი, ბრიჯიტ ბრინკიც საუბრობს.

"რუსეთი შეთანხმების პირობების შესრულების ნაცვლად, უკრაინის ეკონომიკის დახრჩობასა და საკვების ნაკადის შენელებას ცდილობს". – წერს ბრინკი Twitter-ზე.

შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა გასული წლის ივლისში გაეროსა და თურქეთის შუამავლობით შემუშავდა. იგი მიზნად ისახავდა გლობალური სასურსათო კრიზისის თავიდან აცილებას რუსეთის შემოჭრით ბლოკირებული უკრაინული მარცვლეულის სამი პორტიდან უსაფრთხო ექსპორტის გზით. შეთანხმება 2023 წლის 18 მარტს 120 დღით გაგრძელდა. 

20 მარტს რუსეთმა მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით თავისი მოთხოვნები წამოაყენა. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, კრემლი უფასო მარცვლეულის აფრიკის ქვეყნებში გაგზავნით იმუქრება.

კომენტარები