დავით კეზერაშვილი

ბურჭულაძე კეზერაშვილზე: ასობით მილიონია დავალიანება – შეიძლება, კიდევ ერთი საქმე იყოს

თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ყოფილ მინისტრ და ტელეკომპანია ფორმულას დამფუძნებელ დავით კეზერაშვილზე საუბრისას თქვა, რომ სამინისტროს ასობით მილიონი ლარის დავალიანება აქვს და მიმდინარეობს შიდა მოკვლევა, რაც, შესაძლოა, კიდევ ერთი სისხლისსამართლებრივი საქმის დაწყების საფუძველი იყოს.

"ეს 5 მილიონი არ არის მხოლოდ ის თანხა, რომლითაც გაძარცვა სახელმწიფო ყოფილმა ხელისუფლებამ. ჩვენ გვაქვს ასობით მილიონი, დღემდე ვერ გამოვასწორეთ ფინანსური ანგარიშგება ჩვენი უწყების, იგივე პერიოდის. რა თქმა უნდა, კეზერაშვილის პასუხისმგებლობაა. ამას მე ბიუჯეტის ქურდობას ვერ დავარქმევ, ეს არის ბიუჯეტის ორგანიზებული ყაჩაღობა. კიდევ ვიმეორებ, ასობით მილიონი არის დავალიანებად ჩამოკიდებული, ზოგი გამოწვეულია მათი არაკომპეტენტურობით, მათ შორის, შეიძლება დამატებით იყოს კიდევ ისეთი საქმე, რომელიც არის ისევ ძარცვის შედეგად გამოწვეული.

[ახალი გამოძიების ანონსად] არ უნდა მიიღოთ. ჩვენ ვცდილობთ, რომ დოკუმენტები იმ საქმეებზე, შესყიდვებზე, რომლებზეც უბრალოდ არ არის, მოვიძიოთ და ჩამოვწეროთ დავალიანებიდან. რა თქმა უნდა, არ არის გამორიცხული, მათ შორის იყოს კიდევ ორგანიზებული დანაშაული. ამას სხვას ვერაფერს დავარქმევ. ეს არ არის ერთი პირის მიერ ჩადენილი დანაშაული, არ არის ქურდობა, ეს არის სახელმწიფოს ძარცვა ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რომელიც იმ შემთხვევაში იყო მთელი ხელისუფლება". – თქვა ბურჭულაძემ.

12 აპრილს BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძება თაღლითების იმ ჯგუფთან დაკავშირებით, რომელიც, მასალების მიხედვით, საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ბიზნესმენ დავით კეზერაშვილს უკავშირდება. 

2023 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ ძალაში დატოვა წინა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ტელეკომპანია ფორმულას დამფუძნებელს, დავით კეზერაშვილს სამინისტროს სასარგებლოდ €5 060 000-ის ანაზღაურება დააკისრა. 

თავდაცვის სამინისტრომ დავით კეზერაშვილისა და ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი 2021 წლის სექტემბერში შეიტანა. მათ ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფოს დიდი ოდენობით ფულადი თანხების მითვისება/გაფლანგვის ფაქტზე წარედგინათ.

გამოძიების ცნობით, საქმე ეხება ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანია GIRWOOD BUSINESS CORP-ის სასარგებლოდ გარკვეული მომსახურების გაწევის მიზნით დიდი ოდენობით თანხის გადარიცხვას, თუმცა თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მათ ეს მომსახურება (წვრთნები) არ მიუღიათ.

კომენტარები