იმოქმედე გენოციდის აღიარებისთვის

"ქართველების გარუსების პოლიტიკა გალში" – დედაენის ბარში ღონისძიება დაიწყო

ტაბულა

კამპანია "იმოქმედე გენოციდის აღიარებისთვის" ფარგლებში, დედაენის ბარში დაიწყო ღონისძიება - "ქართველების გარუსების პოლიტიკა გალში", სადაც გალის მკვიდრი ქართველები მოყვებიან, თუ როგორ ცდილობს კრემლი მარიონეტული საოკუპაციო რეჟიმის დახმარებით ქართველი მოსახლეობის გარუსებას, მათთვის მშობლიურ ენაზე განათლების შეზღუდვით, ხშირ შემთხვევაში კი, სრულად აკრძალვით.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან ტაბულა, ევროპული საქართველო, აფხაზთა კრება, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება და თავისუფლების ინსტიტუტი.

ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ გალში მცხოვრებ ქართველებს არ ეძლევათ მშობლიურ ენაზე განათლების მიღების, შესაძლებლობა - არც სკოლებში და არც საბავშვო ბაღებში. ამას გარდა, მკაცრად არის შეზღუდული ქართულენოვანი ლიტერატურის გავრცელება.

"დღეს დედაენის დღეა, 14 აპრილი, ყველას გვახსოვს დღე, როცა ქართველმა ხალხმა ძალა გამოავლინა და საბჭოთა რეჟიმს უკან დაახევინა, როდესაც ქართულ ენას გვართმევდნენ. ეს ბრძოლა არ დასრულებულა,ჩვენ გვყავს თანამოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ გალში, რომლებსაც არ ეძლევათ ქართულ ენაზე სწავლის საშუალება და რეალურად, მათი იძულებითი რუსიფიკაცია ხდება. 

სწორედ ამას მივუძღვენით დედაენის დღე და ვატარებთ ღონისძიებას გენოციდის აღიარების კამპანიის ფარგლებში - "ბუჩამდე იყო აფხაზეთი". იცით, რომ შარშან მაისში დავიწყეთ ჩვენ ეს კამპანია და გვინდა, მივაღწიოთ რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულებების საერთაშორისო შეფასებას. ერთერთი მხარე არის არსებული აპარტეიდი გალში, დღეს სწორედ ამაზე ვიუსაბრებთ. ასევე ვისაუბრებთ  ხელისუფლების დამოკიდებულებაზე, რამხელა ყურადღება ეთმობა ხელისიფლების და ზოგადად პოლიტიკური სპექტრის დღის წესრიგში ამ ძალიან მნიშვნელოვან თემას, ეხ ხალხი ჩვენი თანამოქალაქეები არიან და ჩვენ მოვისმენთ, მათ რა მდგომარეობაში უწევთ ცხოვრება, იმასაც შევაფასებთ, რამდენად აკეთებს საკმარისს საქართველოს ხელისუფლება იმისთვის, რომ ამ თემამ ისე აქტიურად იცოცხლოს, რომ საჭირო დროს ჩვენ ამ თემის მოგვარება შევძლოთ" - ამბობს ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების დირექტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი.

კომენტარები