რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჯოზეფ ბორელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მისი ჩინეთში ვიზიტი გადაიდო

ჯოზეფ ბორელი
REUTERS/Yves Herman/File Photo

უსაფრთხოებისა და საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მისი ჩინეთში ვიზიტი გადაიდო. ამის შესახებ ის Twitter-ზე წერს.

"გამომდინარე იქიდან, რომ covid-19 დამიდასტურდა, სამწუხაროდ, საჭირო გახდა ჩემი ჩინეთში ვიზიტის გადადება. თავს კარგად ვგრძნობ და სიმპტომებიც არ მაქვს". - წერს ბორელი.

ჯოზეფ ბორელის ჩინეთში ვიზიტი13-15 აპრილს იყო დაგეგმილი. ვიზიტის მთავარი განსახილველი საკითხი რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომში ჩინეთის მხრიდან რუსეთის მხარდაჭერაა.

ჩინეთი მას შემდეგ მოხვდა განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ, რაც ქვეყნის ლიდერი, სი ძინფინგი მოსკოვში შეხვდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და მასთან ერთად ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გასაგრძელებლად შეთანხმებას ხელი მოაწერა. 

თუმცა, ევროპელ ლიდერებს სჯერათ, რომ ოფიციალური განცხადებების მიუხედავად, ჩინეთის რუსეთის მიმართ მხარდაჭერას გარკვეული ლიმიტები აქვს და შესაძლებელია სის დარწმუნება, რომ მან რუსეთს უკრაინაში აგრესიის შეწყვეტისკენ უბიძგოს. 

მანამდე, ბორელმა თქვა, რომ ჩინეთს აქვს მორალური ვალდებულება წვლილი შეიტანოს სამართლიან მშვიდობაში. ამის შესახებ ბორელმა ბრიუსელში აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ამავდროულად, ბორელმა აღნიშნა, რომ ენტონი ბლინკენთან შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ჩინეთის როლი და მხარდაჭერა რუსეთის მიმართ იმ დროს, როდესაც მოსკოვი გაეროს ქარტიას უხეშად არღვევს.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთი, ამავდროულად, არის მოდერატორი საუდის არაბეთსა და ირანს შორის ურთიერთობის ნორმალიზების პროცესში.  ტრადიციულად, გასული საუკუნიდან მოყოლებული ახლო აღმოსავლეთი აშშ-ს გავლენის სფეროდ ითვლება და რეგიონში მყოფ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის რეგულირებაშიც აშშ ყოველთვის მოწინავე როლს ასრულებდა. 

აღნიშნული პროცესი კიდევ ერთი გამოვლინებაა ჩინეთის ამბიციების, იყოს არა რეგიონული, არამედ გლობალური მოთამაშე. 

კომენტარები