ჩინეთი

ემანუელ მაკრონის და ევროკომისიის პრეზიდენტის შემდეგ ჩინეთს ჯოზეფ ბორელიც ეწვევა

ჯოზეფ ბორელი
REUTERS/Yves Herman/File Photo

უსაფრთხოებისა და საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი მომდევნო კვირაში, 13-15 აპრილის პერიოდში ჩინეთს ეწვევა. ვიზიტის მთავარი განსახილველი საკითხი რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომში ჩინეთის მხრიდან რუსეთის მხარდაჭერაა.

ამჟამად, ჩინეთსი იმყოფებიან საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი. გასულ კვირას, ჩინეთს ასევე ესპანეთის პრემიერმინისტრი, პედრო სანჩესი ეწვია.

ჩინეთი მას შემდეგ მოხვდა განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ, რაც ქვეყნის ლიდერი, სი ძინფინგი მოსკოვში შეხვდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და მასთან ერთად ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გასაგრძელებლად შეთანხმებას ხელი მოაწერა. 

თუმცა, ევროპელ ლიდერებს სჯერათ, რომ ოფიციალური განცხადებების მიუხედავად, ჩინეთის რუსეთის მიმართ მხარდაჭერას გარკვეული ლიმიტები აქვს და შესაძლებელია სის დარწმუნება, რომ მან რუსეთს უკრაინაში აგრესიის შეწყვეტისკენ უბიძგოს. 

გასულ კვირაში, ბორელმა თქვა, რომ ჩინეთს აქვს მორალური ვალდებულება წვლილი შეიტანოს სამართლიან მშვიდობაში. ამის შესახებ ბორელმა ბრიუსელში აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ამავდროულად, ბორელმა აღნიშნა, რომ ენტონი ბლინკენთან შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ჩინეთის როლი და მხარდაჭერა რუსეთის მიმართ იმ დროს, როდესაც მოსკოვი გაეროს ქარტიას უხეშად არღვევს.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთი, ამავდროულად, არის მოდერატორი საუდის არაბეთსა და ირანს შორის ურთიერთობის ნორმალიზების პროცესში.  ტრადიციულად, გასული საუკუნიდან მოყოლებული ახლო აღმოსავლეთი აშშ-ს გავლენის სფეროდ ითვლება და რეგიონში მყოფ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის რეგულირებაშიც აშშ ყოველთვის მოწინავე როლს ასრულებდა. 

აღნიშნული პროცესი კიდევ ერთი გამოვლინებაა ჩინეთის ამბიციების, იყოს არა რეგიონული, არამედ გლობალური მოთამაშე. 

კომენტარები