რუსეთი

რუს ახალწვეულებს ქვეყნის დატოვება კომისარიატში გამოცხადებამდე აეკრძალებათ

რუსი ოკუპანტი უკრაინაში
ТАСС

რუსეთში სამხედრო რეგისტრაციაში შეტანილი ახალი ცვლილებების თანახმად, ქვეყნის დატოვება კომისარიატში გამოცხადებამდე ეკრძალებათ მათ, ვისაც სამხედრო სამსახურში გაიწვევენ. 

"მოქალაქეებს, რომლებიც ექვემდებარებიან სამხედრო სამსახურში გაწვევას და რომლებმაც მიიღეს გაწვევა სამხედრო კომისარიატისგან, ეკრძალებათ რუსეთის ფედერაციის დატოვება იმ დღიდან, როდესაც ფედერალური კანონის თანახმად, ასეთი გამოძახება ჩაბარებულად ითვლება. ეს შეზღუდვა ძალაშია სამხედრო კომისარიატში გამოძახების ვალდებულების შესრულებამდე“. - ნათქვამია კანონპროექტში.

გარდა ამისა, სამხედრო სამსახურის თავის არიდების შემთხვევაში, შესაძლოა, რუს მოქალაქეებს უძრავი ქონების ტრანზაქციები, მეწარმეობა და ბანკებიდან სესხების აღებაც აეკრძალოთ.

სახელმწიფო დუმა კანონპროექტს მეორე და მესამე მოსმენით 11 აპრილს მიიღებს.

აქამდე სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ანდრეი კარტაპოლოვმა თქვა, რომ რუსეთში სამხედრო სამსახურის პასუხისმგებელი პირების ერთიან რეესტრს დანერგავენ. გარდა ამისა, რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გამოძახების წარდგენის ძველ მეთოდს [ქაღალდის გამოყენებით] ორი ახალი დაემატება – სახელმწიფო სერვისების პორტალისა და მრავალფუნქციური ცენტრების გამოყენება. 

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, სამხედრო სამსახურში გაწვეულ პირთა ერთიანი რეესტრის შესახებ კანონპროექტი დაკავშირებულია არა მობილიზაციასთან, არამედ სამხედრო აღრიცხვასთან. 

"ჩვენ გვჭირდება სამხედრო აღრიცხვის სისტემის გაუმჯობესება და მოდერნიზება". - აღნიშნავს პესკოვი. 

გარდა ამისა, პესკოვის განმარტებით, ამ სფეროში დიგიტალიზაციაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც სპეცოპერაციის საწყის ეტაპზე პრობლემები გაჩნდა.

კრემლის პრესსპიკერის თქმით, კითხვების არსებობის შემთხვევაში სახელმწიფო წარმომადგენლები მზად არიან, ამ საკითხზე განმარტებები გასცენ. პარალელურად, მან მოქალაქეებს მოთმინების გამოჩენისკენ მოუწოდა. 

კომენტარები