რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პესკოვი: ჩინეთს ტაივანის გარშემო სამხედრო წვრთნების ჩატარების სრული უფლება აქვს

კრემლის განმარტებით, ჩინეთს ტაივანის გარშემო სამხედრო წვრთნების ჩატარების სრული უფლება აქვს.

ჟურნალისტებთან საუბრისას კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ ყველამ პატივი უნდა სცეს ჩინეთს და მის ქმედებებს, რომელიც, მისივე თქმით, საერთაშორისო სამართალთან შესაბამისობაშია.

"ძალიან მოკლე დროში მე და თქვენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიმართ განმეორებითი პროვოკაციული ქმედებების მოწმენი გავხდით. რა თქმა უნდა, ჩინეთს აქვს სუვერენული უფლება, უპასუხოს ამ პროვოკაციულ ქმედებებს. ასევე აქვს უფლება, ჩაატაროს სამხედრო წვრთნები საერთაშორისო სამართლის მკაცრი დაცვით". - თქვა პესკოვმა.

პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ საფრანგეთის შუამავლობა უკრაინაში ძნელად წარმოსადგენია, რადგან მისივე თქმით, პარიზი "ამ კონფლიქტში უკრაინის მხარეს ირიბად და უშუალოდ არის ჩართული". 

ჩინეთში გამართული ვიზიტის ფარგლებში, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პრეზიდენტ სი ძინფინგთან გამოთქვა იმედი, რომ ის უკრაინაში ომის დასრულებაში წვლილს შეიტანს. 

ჩინეთის 8 აპრილის განცხადებით, ქვეყანა იწყებს სამდღიან სამხედრო წვრთნებს ტაივანის გარშემო. მანამდე, პეკინის მუქარის მიუხედავად, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, კევინ მაკკართი ტაივანის პრეზიდენტს შეხვდა.

"წვრთნები, სახელწოდებით ერთიანი ბასრი ხმალი, მოიცავს საბრძოლო მზადყოფნას პატრულირებას და წვრთნებს ტაივანის სრუტეში და მის გარშემო, ტაივანის ჩრდილოეთით, სამხრეთით და აღმოსავლეთით, ზღვასა და საჰაერო სივრცეში". - განაცხადა გენერალური შტაბის უფროსმა პოლკოვნიკმა ში იიმ.

გარდა ამისა, სამხედრო წვრთნების დაწყებიდან მეორე დღეს ჩინეთმა ტაივანსა და მისი მიმდებარე ტერიტორიის წყლებზე ზუსტი დარტყმების სიმულაცია ჩაატარა

ჩინელი სამხედროების მიერ კუნძულზე ალყის შემორტყმის შემდეგ, აშშ-მ ჩინეთს თავშეკავებისკენ მოუწოდა.

წვრთნები, რომელსაც პეკინმა თვითმმართველი კუნძულისთვის "მკაცრი გაფრთხილება" უწოდა, ტაივანის პრეზიდენტის გასულ კვირას აშშ-ში ვიზიტის პასუხია.

კომენტარები