შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება

ლავროვი მარცვლეულის შეთანხმებაზე: თუ საჭირო გახდა, ჩვენ შეთანხმების მიღმაც ვიმუშავებთ

REUTERS/Maxim Shemetov/Pool

რუსეთმა გააფრთხილა დასავლეთი, რომ თუ არ მოიხსნება დაბრკოლებები მარცვლეულისა და სასუქების ექსპორტთან დაკავშირებით, უკრაინას მოუწევს მარცვლეულის ექსპორტი ხმელეთის გამოყენებით, ხოლო მოსკოვი გაეროს შუამავლობით მიღწეული მარცვლეულის საექსპორტო შეთანხმების მიღმა იმუშავებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ანკარაში თურქ კოლეგასთან, მევლუთ ჩავუშოღლუსთან გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა

"თუ მათ არ სურთ, გულწრფელად შეასრულონ ის პირობები, რაც ბატონმა გუტერეშმა [გაეროს გენერალურმა მდივანმა] წარადგინა, კარგი, გააგრძელონ უკრაინიდან შესაბამისი პროდუქტის სახმელეთო, რკინიგზისა და სამდინარო გზებით მიღება. თუ საჭირო გახდა, ჩვენ შეთანხმების მიღმაც ვიმუშავებთ. ამის შესაძლებლობა ჩვენ გვაქვს თურქეთთან და კატართან - პრეზიდენტებმა შესაძლო გეგმები უკვე განიხილეს". - აღნიშნა ლავროვმა. 

შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა გასული წლის ივლისში გაეროსა და თურქეთის შუამავლობით შემუშავდა. იგი მიზნად ისახავდა გლობალური სასურსათო კრიზისის თავიდან აცილებას რუსეთის შემოჭრით ბლოკირებული უკრაინული მარცვლეულის სამი პორტიდან უსაფრთხო ექსპორტის გზით. შეთანხმება 2023 წლის 18 მარტს 120 დღით გაგრძელდა. 

20 მარტს რუსეთმა მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით თავისი მოთხოვნები წამოაყენა. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, კრემლი უფასო მარცვლეულის აფრიკის ქვეყნებში გაგზავნით იმუქრება.

კომენტარები