სასამართლო კლანის სანქცირება

პრეზიდენტი: შესაძლოა, აშშ-მ დაუნდობლად გვითხრა სათქმელი, ნუ გავიბუტებით, გავაანალიზოთ

ვწუხვარ, რომ ქვეყანა, ამ გადაწყვეტილებით იწერება სხვა სანქცირებული ქვეყნების სიაში, ეს მაშინ როცა საქართველო თავისი ევროპელი პარტნიორებისგან უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას ელოდება - კანდიდატის სტატუსის და ვშიშობ,  აშშ-ს გადაწყვეტილება ევროპაში აღქმული არ იყოს როგორც ნეგატიური სიგნალი.

ამიტომ არც ნიშნის მოგების და გახარების დროა, არც თავის მართლების. ჩვენზეა, ყველაზე ქვეყნის იმიჯის გამოსწორება. თუ არ გვინდა, რომ ოთხ ადამიანს გადავაყოლოთ ქვეყნის მომავალი, საჭიროა ქმედითი ნაბიჯები - ეს იქნება სრული გამოძიება და თუ გადახედვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობისა, ან არამოსამართლე წევრების დროული შერჩევა. რაც მეტი ქმედითი ნაბიჯი იქნება გადადგმული სასამართლო რეფორმის კუთხით, რასაც ყველა ჩვენი ერთგული პარტნიორი აკვირდება და ელოდება, მით უფრო სწრაფად აღვადგენთ ქვეყნის რეპუტაციას და მის მიმართ ნდობას. ქვეყანა ნამდვილად ამას არ იმსახურებდა და არ იმსახურებს იმას, რომ ეს საკითხი პოლარიზაციის გაღრმავების მიზეზიც გახდეს. არც შიდა ძალებს შორის და არც საერთაშორისო მეგობრებთან ურთიერთობაში.

მეგობარმა ქვეყანამ შესაძლოა დაუნდობლად გვითხრა სათქმელი, მაგრამ კი ნუ გავიბუტებით, ნუ გავბრაზდებით, ნურც გვიხარია, არამედ გავაანალიზოთ, რა მოხდა რატომ და რა არის გამოსასწორებელი. და ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ სხვა შეფასებასაც ვიმსახურებთ და მიზანსაც მივაღწევთ.

სალომე ზურაბიშვილი ოთხი მოსამართლის სანქცირებაზე.

კომენტარები