სასამართლო კლანის სანქცირება

პრეზიდენტი: თუ არ გვინდა, 4 ადამიანს გადავაყოლოთ ქვეყნის მომავალი, საჭიროა ქმედითი ნაბიჯები

დღეს როგორც იცით, შევხვდი ამერიკის ელჩს, ქალბატონ კელი დეგნანს და მასაც გავუზიარე ჩემი განცდები. არ მიხარია და ვერ გამიხარდებოდა საქართველოს გამოცხადება სანქცირებული პირების მქონე ქვეყნების სიაში, რამეთუ ჩემთვის ყველაზე გასაფრთხილებელი სწორედ ქვეყნის რეპუტაციაა.

და თუმცა ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ოთხ პირს ეხება და ამ ოთხი პირის სავიზო შეზღუდვებს, როგორც აზუსტებს თვით ელჩი, განცხადება თან ხაზს უსვამს საქართველოს მხარდაჭერას, ამის მიუხედავად, გარკვეულწილად ზიანდება ქვეყნის იმიჯი.

საქართველომ და ქართველმა ხალხმა კარგად იცის ამ ადამიანების პასუხისმგებლობა მანკიერი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებაში, ჩვენ ყველამ ვიცით და გვესმის, რა უნდა გაკეთებულიყო სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისთვის, საზოგადოებამ ისიც კარგად იცის რა არ გაკეთდა რატომ. ამიტომ სრულად ვაცნობიერებთ, ვიზიარებთ და მხარს ვუჭერთ სასამართლო რეფორმის აუცილებლობას, ასევე ვაცნობიერებთ სასამართლო დამოუკიდებლობის გამყარებისა და სისტემაში პროფესიონალი და მიუკერძოებელი კადრების საჭიროებას, ევროკომისიის 12 რეკომენდაციაც ამას ემსახურება და სხვა არაფერს.

ვწუხვარ, რომ ქვეყანა, ამ გადაწყვეტილებით იწერება სხვა სანქცირებული ქვეყნების სიაში, ეს მაშინ როცა საქართველო თავისი ევროპელი პარტნიორებისგან უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებაა ელოდება - კანდიდატის სტატუსის და ვშიშობ,  აშშ-ს გადაწყვეტილება ევროპაში აღქმული არ იყოს როგორც ნეგატიური სიგნალი.

ამიტომ არც ნიშნის მოგების და გახარების დროა, არც თავის მართლების, ჩვენზეა, ყველაზე ქვეყნის იმიჯის გამოსწორება, თუ არ გვინდა, რომ ოთხ ადამიანს გადავაყოლოთ ქვეყნის მომავალი, საჭიროა ქმედითი ნაბიჯები - ეს იქნება სრული გამოძიება და თუ გადახედვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობისა, ან არამოსამართლე წევრების დროული შერჩევა, რაც მეტი ქმედითი ნაბიჯი იქნება გადადგმული სასამართლო რეფორმის კუთხით, რასაც ყველა ჩვენი ერთგული პარტნიორი აკვირდება და ელოდება, მით უფრო სწრაფად აღვადგენთ ქვეყნის რეპუტაციას და მის მიმართ ნდობას. ქვეყანა ნამდვილად ამას არ იმსახურებდა და არ იმსახურებს იმას, რომ ეს საკითხი პოლარიზაციის გაღრმავების მიზეზიც გახდეს. არც შიდა ძალებს შორის და არც საერთაშორისო მეგობრებთან ურთიერთობაში.

მეგობარმა ქვეყანამ შესაძლოა დაუნდობლად გვითხრა სათქმელი, მაგრამ კი ნუ გავიბუტებით, ნუ გავბრაზდებით, ნურც გვიხარია, არამედ გავაანალიზოთ, რა მოხდა რატომ და რა არის გამოსასწორებელი. და ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ სხვა შეფასებასაც ვიმსახურებთ და მიზანსაც მივაღწევთ.

სალომე ზურაბიშვილი ოთხი მოსამართლის სანქცირებაზე.

კომენტარები