მსოფლიო ბანკი

მსოფლიო ბანკი წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდის 4.4%-მდე შენელებას ვარაუდობს

მსოფლიო ბანკისა და საქართველოს დროშები
RFE/RL

მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური მიმოხილვის ანგარიშის თანახმად, 2023 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდის 4.4 %-მდე შენელება არის ნავარაუდევი.

ეკონომიკური ზრდის პროგნოზების შესახებ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში ვკითხულობთ, რომ სავარაუდო შენელების მიუხედავად, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის რეგიონულ საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, უკრაინისა და რუსეთის გამოკლებით, მაღალ დონეზე შენარჩუნებაა მოსალოდნელი. 

სამხრე კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის, სებასტიან მოლინეუსის განმარტებით ლარის გამყარებას ფულადი ნაკადის შემოდინებამ შეუწყო ხელი, რამაც ინფლაციური წნეხი და ვალის დონე შეამცირა. 

" დიდი მოცულობით ფულადი ნაკადების შემოდინებამ ხელი შეუწყო ლარის გამყარებას, რამაც შეაკავა ინფლაციური წნეხი და შეამცირა ვალის დონე. ინფლაცია სავარაუდოდ გააგრძელებს ეტაპობრივ კლებას 2023 წელს, თუმცა ზოგიერთ სასურსათო პროდუქტზე და საცხოვრებელ იჯარაზე ფასებით გამოწვეული წნეხის ზემოქმედება შეიძლება გაგრძელდეს".- თქვა მოლინეუსმა. 

სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა დასძინა, რომ სახელმწიფომ მონეტარული პოლიტიკის თვალსაზრისით სიფრთხილე უნდა შეინარჩუნოს. 

"გაურკვევლობა კვლავ მაღალია და სახელმწიფომ სიფრთხილე უნდა შეინარჩუნოს მონეტარული პოლიტიკის თვალსაზრისით, ასევე მოსალოდნელზე მაღალი საბიუჯეტო შემოსავლები ფისკალური დეფიციტის შესამცირებლად გამოიყენოს. ასევე მნიშვნელოვანი იქნება იმპულსის შენარჩუნება სტრუქტურული რეფორმების დღის წესრიგის განსახორციელებლად, სახელმწიფო საწარმოების მართვის გაძლიერების და მიწის ბაზრის რეფორმების ჩათვლით".- აღნიშნა სებასტიან მოლინეუსმა. 

რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას სამხრეთ კავკასიაში, 2023 წელს მაჩვენებელი  2022 წელს არსებული 7 პროცენტიდან 3 პროცენტამდე სავარაუდოდ მკვეთრად შემცირდება. მიზეზი კი  ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში, მათ შორის ევროკავშირში  ეკონომიკური ზრდის შენელება იქნება. 

მსოფლიო ბანკი უკრაინაში რუსეთის შეჭრით გამოწვეული შედეგების, მაღალი ინფლაციის შენარჩუნებისა და მკაცრი ფინანსური პირობების გამო წელს ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ეკონომიკური აქტივობის დაბალ ნიშნულზე შენარჩუნებას ვარაუდობს.

კომენტარები