მსოფლიო ბანკი

მსოფლიო ბანკის სკანდალი – მიკერძოების გამო DOING BUSINESS რეიტინგი აღარ გამოქვეყნდება 

მსოფლიო ბანკის სათაო ოფისი

მსოფლიო ბანკის [WB] თითქმის 4-წლიანი სკანდალი გრძელდება, ამჯერად, ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ბიზნესის კეთების რეიტინგი, Doing Business-ი აღარ გამოქვეყნდება. 

ანგარიშის გამოქვეყნებისგან თავის შეკავების მიზეზი მსოფლიო ბანკის კვლევის მეთოდოლოგიაში გამოვლენილი ხარვეზები და ჩინეთისადმი მიკერძოებული დამოკიდებულებაა.

შიდა აუდიტმა დაადგინა, რომ 2017 წელს ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ და აღმასრულებელმა დირექტორმა, კრისტალინა გეორგიევამ აშკარა და გადამეტებული ზეწოლა განახორციელეს კვლევით ჯგუფზე, რათა სარეიტინგო ქულების გამოთვლის მეთოდოლოგია ჩინეთის სასარგებლოდ შეცვლილიყო და მისი პოზიცია საერთაშორისო რეიტინგში 7 პოზიციით გაუმჯობესებულიყო. 

Doing Business რეიტინგი წლებია ქვეყნდება და მას ინვესტორთა ნაწილი აქტიურად იყენებს ანალიზისა და ბიზნესგარემოს შეფასების მიზნით. რეიტინგში მაღალ პოზიციაზე ყოფნა იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში შედარებით ლიბერალური გარემოა, რეგულაციები არ არის მკაცრი და ბიზნესის განხორციელებაც საკმაოდ მარტივია. 

2020 წლის რეიტინგში მოწინავე ადგილებს ახალი ზელანდია, სინგაპური, ჰონგ-კონგი და დანია იკავებენ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მსოფლიო ბანკის შეფასებით, ამ ქვეყნებში ბიზნესის კეთება ძალიან მარტივია. 

Doing Business-ის ბოლო ადგილებს სომალი, ერიტრეა, ვენესუელა, იემენი და ლიბია ინაწილებენ, ანუ ამ ქვეყნებში ბიზნესსაქმიანობა ძალიან რთული ან თითქმის შეუძლებელია. 

რეიტინგში მეექვსე ადგილს აშშ იკავებს, საქართველო კი მეშვიდეზეა.

აღსანიშნავია, რომ 2006-დან 2016 წლამდე ჩინეთი რეიტინგში 91-84-ე ადგილებზე იყო, თუმცა 2017 წლის შემდეგ ქვეყანამ სწრაფი ტემპით დაიწყო წინსვლა და 2020 წელს რეიტინგში 31-ე ადგილი დაიკავა. 

ექსპერტების შეფასებით, უკანასკნელ ოთხ წელიწადში ჩინეთში ბიზნესის კეთება მნიშვნელოვნად არ გამარტივებულა და რეიტინგში მისი პოზიციების გაუმჯობესება მსოფლიო ბანკის გამოთვლის მეთოდის მიკერძოებასთანაა დაკავშირებული და არა ქვეყნის ეკონომიკური და სამართლებრივი ინდიკატორების ცვლილებასთან. 

გარდა ამისა, აუდიტმა დარღვევები 2020 წლის რეიტინგში საუდის არაბეთისა და აზერბაიჯანის პოზიციების განსაზღვრასთან დაკავშირებითაც აღმოაჩინა. 

ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი, გეორგიევა ბრალდებებს უარყოფს და აუდიტის დასკვნას არ ეთანხმება. მისი თქმით, მსოფლიო ბანკი ყოველთვის ობიექტურად და ზუსტად ადგენდა რეიტინგს. 
 

კომენტარები