მსოფლიო ბანკი

მოსალოდნელია საქართველოს ეკონომიკური ზრდის 4%-მდე შემცირება – მსოფლიო ბანკის ანგარიში

Daily Times

მსოფლიო ბანკის გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების უახლესი ანგარიშის თანახმად, 2023 წელს მოსალოდნელია, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა 4%-მდე შემცირდეს, რაც დიდწილად ასახავს 2022 წლის ძლიერი ზრდის საბაზისო ეფექტს. საშუალოვადიან პერიოდში კი, სავარაუდოდ, ეკონომიკური ზრდა 5%-ის გარშემო დასტაბილურდება. 

საქართველოში ინფლაციური წნეხი 2022 წლის მეორე ნახევარში შემცირდა, თუმცა მაღალი იყო (წლიური ინფლაცია 9.8%). მოსალოდნელია, რომ ინფლაცია შემცირდება, თუმცა ნელი ტემპით. 

ამავე მონაცემების მიხედვით, მყიფე ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით, ნებისმიერ ახალ ნეგატიურ ეფექტს, როგორიცაა მოსალოდნელზე მაღალი ინფლაცია, საპროცენტო განაკვეთების მკვეთრი მატება მის შესაჩერებლად, COVID-19-ის ახალი ტალღა ან გეოპოლიტიკური დაძაბულობის ესკალაცია, გლობალური ეკონომიკის რეცესიაში გადაყვანა შეუძლია. კვლევის თანახმად, ეს იქნება პირველი შემთხვევა 80 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, როდესაც ორი გლობალური რეცესია ერთსა და იმავე ათწლეულში მოხდება.

მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით, გლობალური ეკონომიკა 2023 წელს 1.7%-ით გაიზრდება, 2024 წელს კი – 2.7%-ით. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის პროგნოზები შეცვლილი იქნება მოწინავე ეკონომიკების 95%-ის, ხოლო განვითარებადი ქვეყნების თითქმის 70%-ის შემთხვევაში.

კომენტარები