ფინეთის NATO-ში გაწევრიანება

მადლობა პუტინს ფინეთის NATO-ში მიღებისთვის, დააჩქარა ის, რისი პრევენციაც სურდა – ბლინკენი

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი
NATO News

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ბრიუსელში NATO-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ფინეთის NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ისაუბრა

"ეს მართლაც ისტორიული დღეა, რადგან ძალიან მალე, როგორც გენერალურმა მდივანმა თქვა, ჩვენ მივესალმებით ფინეთს ალიანსში საერთო მაგიდასთან. მინდა ვთქვა, რომ ეს არის ერთადერთი რამ, რისთვისაც შეგვიძლია მადლობა გადავუხადოთ ბატონ პუტინს, რადგან მან კიდევ ერთხელ დააჩქარა ის, რისი პრევენციაც სურდა და აიძულა ბევრი ქვეყანა, ეზრუნათ საკუთარ თავდაცვაზე და დარწმუნებულიყვნენ, რომ მათ შეუძლიათ რუსეთის შესაძლო აგრესიის შეკავება. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ ფინეთი ალიანსის 31-ე წევრია". - აღნიშნა ბლინკენმა.

გარდა ამისა, მისივე თქმით, ვილნიუსის სამიტზე უნდა დადასტურდეს უკრაინის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა. მან ასევე აღნიშნა, რომ NATO-სა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებს შორის, განსაკუთრებით აზია-წყნარი ოკეანის რეგიონთან, პარტნიორული ურთიერთობების განვითარება უნდა გაგრძელდეს. 

ფინეთმა, როგორც უკვე NATO-ს ოფიციალურმა წევრმა, პირველი ნაბიჯიც გადადგა ალიანსის ფარგლებში და სტოლტენბერგს შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების რატიფიცირებული საბუთი გადასცა.

31 მარტს თურქეთის პარლამენტმა ფინეთის NATO-ში შესვლას მხარი ერთხმად დაუჭირა. რატიფიკაციის პროცესი მას შემდეგ ჩატარდა, რაც გასულ კვირაში თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გამოაცხადა, რომ ჰელსინკის ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში გაერთიანებაში მხარს დაუჭერდნენ.

ფინეთმა და შვედეთმა NATO-ს წევრობის შესახებ განაცხადი გასულ წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეიტანეს. პროცესს თურქეთი და უნგრეთი აჭიანურებდნენ.

თურქეთი შვედეთის NATO-ში გაწევრიანებისგან თავს იკავებს მიზეზით, რომ სტოკჰოლმი მფარველობს ეთნიკური ქურთების ჯგუფებს, რომლებიც ანკარას ტერორისტულ ორგანიზაციებად ჰყავს გამოცხადებული.

კომენტარები