თავდაცვის კოდექსი

პარლამენტმა თავდაცვის ახალი კოდექსი პირველი მოსმენით დაამტკიცა

4 აპრილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავდაცვის ახალი კოდექსი პირველი მოსმენით დაამტკიცეს. კანონპროექტს 80-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 2 კი წინააღმდეგ წავიდა.

ახალი თავდაცვის კოდექსი ცდილობს, წვევამდელებსა და სამხედრო მოსამსახურეებს უკეთესი პირობები და სარგებლები შესთავაზოს, პარალელურად კი ერთ-ერთ მიზნად სამართლებრივი ხვრელების გაქრობას ისახავს. განმარტებით ბარათში პირდაპირ წერია: “აღმოიფხვრება საკანონმდებლო ხარვეზი და გამოირიცხება არაკეთილსინდისიერი ფიქტიური "რელიგიური ორგანიზაციების" შესაძლებლობა დაეხმარონ ცალკეულ პირებს თავი აარიდონ გაწვევას" - რა თქმა უნდა, საუბარია პარტია გირჩის მიერ შექმნილ ბიბლიურ თავისუფლებაზე, რომლის სასულიერო პირის სერტიფიკატის დახმარებითაც ზოგიერთი ახალგაზრდა სავალდებულო სამხედრო სამსახურს თავს არიდებდა. გირჩი, რომელსაც სანდრო რაქვიაშვილის ავტორობით თავდაცვის კოდექსის საკუთარი ვერსიაც ჰქონდა წარდგენილი და მხარი არ დაუჭირეს, ამჟამად ყველაზე აქტიურად აკრიტიკებს ახალ კოდექსს, რომელსაც ახლო მომავალში მიიღებენ. მათთვის მთავარი პრობლემა არის ის, რომ ჯარი კვლავ სავალდებულო იქნება. 

"ჩვენი მთავარი ამოცანა არის ძლიერი რეზერვის შექმნა - ჩვენ ვართ მცირერიცხოვანი ერი, გვაქვს ძალიან მდიდარი სამხედრო ტრადიციები, ვართ მეომარი ხალხი, ძლიერი ხალხი ვართ და ჩვენ არ გვინდა, ქვეყანაში გავრცელდეს მავნე პოლიტიკა, ისეთი, როგორიც აწარმოა გირჩმა - ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია იყო სწორედ ამ გირჩის გამოწვევის დაძლევა." - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.

კომენტარები