დასავლეთი-რუსეთი

ლავროვი: ევროკავშირმა დაკარგა რუსეთი, ამაში დამნაშავეები თავად არიან

სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, ევროკავშირმა რუსეთი დაკარგა, თუმცა, მისივე მტკიცებით, ეს თავად ორგანიზაციის ბრალია.

"ევროკავშირმა დაკარგა რუსეთი, მაგრამ ამაში თავადაა დამნაშავე. სწორედ ხომ ევროკავშირის ქვეყნები და თავად კავშირის ხელმძღვანელები ღიად აცხადებენ, როგორც თავად ამბობენ, რუსეთის სტრატეგიული დამარცხების აუცილებლობის შესახებ. კიევის დამნაშავე რეჟიმს იარაღითა და საბრძოლო მასალით ტენიან, უკრაინაში გზავნიან ინსტრუქტორებს და დაქირავებულებს. ამ მიზეზებით, ჩვენ ევროკავშირს არამეგობრულ გაერთიანებად აღვიქვამთ". – თქვა ლავროვმა.

ლავროვის მტკიცებით, რუსეთმა ამ სიტუაციიდან "აუცილებელი დასკვნები" გამოიტანა და საპასუხოდ იმოქმედებენ "საჭიროების შესაბამისად ხისტად", მაგრამ "რუსეთის ეროვნული ინტერესებისა და დიპლომატიურ პრაქტიკაში საყოველთაოდ მიღებული ურთიერთგაგების პრინციპით".

რუსეთის საგარეო უწყების მეთაურის თქმით, რუსეთი ევროკავშირთან დიალოგის გადაწყვეტილებებს მიიღებს იმ ინტერესების შესაბამისად, რომლებიც რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალ კონცეფციაში იყო გაწერილი.

"თუ ევროპელები რაღაც მომენტში უარს იტყვიან ანტირუსულ კურსზე და აირჩევენ რუსეთთან ურთიერთსასარგებლო დიალოგს, ჩვენ მათ შეთავაზებას განვიხილავთ და გადაწყვეტილებას ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად მივიღებთ, როგორც ისინი დამტკიცდა, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ, რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის ახალ კონცეფციაში". – თქვა ლავროვმა.

31 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ახალ კონცეფციას.

"აშშ-ს დომინირების აღმოფხვრა" – რუსეთმა საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია გამოაცხადა

კომენტარები