მკვლელობა

20 წლის მირიან კუკავას მკვლელობაში ბრალდებულს 14 წლით პატიმრობა მიესაჯა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობაში ბრალდებულს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 14 წლით პატიმრობა მიუსაჯა. 

უწყების ცნობით, სასამართლომ ამავე სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ხულიგნობაში ორი ადამიანი ცნო დამნაშავედ.

შემთხვევა 2022 წლის 28 ივლისს, სოფელ ცხვარიჭამიაში მოხდა - პროკურატურის ინფორმაციით, დაბადების დღის წვეულებაზე სტუმრების ნაწილს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს ერთ-ერთმა ბრალდებულმა დანით დაჭრა მირიან კუკავა, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა მირიან კუკავას განზრახ მკვლელობამდე მომხდარი დაპირისპირების მონაწილე სხვა პირები, რომლებმაც მას და მის მეგობრებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახი მკვლელობა), 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილით (ხულიგნობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით), ხოლო ორ პირს - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (ხულიგნობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინათ.

​"საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, ხულიგნობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ჩადენისთვის ბრალდებული სხვა პირების საქმის განხილვა სასამართლოში გრძელდება". - ვკითხულობთ განცხადებაში.  

კომენტარები