შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება

პუტინი ერდოღანს უკრაინის საკითხსა და შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებაზე ესაუბრა – კრემლი

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს უკრაინის საკითხსა და შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებაზე ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას კრემლი ავრცელებს.

"ერდოღანმა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელებისთვის პუტინს მადლობა გადაუხადა. პრეზიდენტს ესმის რუსეთის პრინციპული პოზიცია შეთანხმების მეორე მხარის შესრულებასთან დაკავშირებით, რაც რუსეთის სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე შეზღუდვების მოხსნას უკავშირდება". - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

განცხადების თანახმად, პუტინმა და ერდოღანმა კმაყოფილება გამოთქვეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის პოზიტიური დინამიკით, ენერგეტიკის სექტორში ერთობლივი სტრატეგიული პროექტების წარმატებით აღსრულებით, მათ შორის გაზის მიწოდებით და თურქეთში ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით.

20 მარტს რუსეთმა მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით თავისი მოთხოვნები წამოაყენა. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, კრემლი უფასო მარცვლეულის აფრიკის ქვეყნებში გაგზავნით იმუქრება.


შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა გასული წლის ივლისში გაეროსა და თურქეთის შუამავლობით შემუშავდა. იგი მიზნად ისახავდა გლობალური სასურსათო კრიზისის თავიდან აცილებას რუსეთის შემოჭრით ბლოკირებული უკრაინული მარცვლეულის სამი პორტიდან უსაფრთხო ექსპორტის გზით. შეთანხმება 2023 წლის 18 მარტს 120 დღით გაგრძელდა. 

კომენტარები