დეოლიგარქიზაცია

ვოლსკი დეოლიგარქიზაციაზე: ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში არ მონაწილეობს

ტაბულა

ქართული ოცნების დეპუტატმა, გიორგი ვოლსკიმ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის შესახებ მედიასთან კომენტარი გააკეთა. ვოლსკის თქმით, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში არ მონაწილეობს, ხოლო თუ ვინ მოხვდება ოლიგარქთა სიაში, ვოლსკის განცხადებით, ეს მხოლოდ სამართლიან პრინციპზე იქნება დაფუძნებული.

"თავისთავად, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში არ მონაწილეობს. ყოველ შემთხვევაში, ამის თაობაზე ჩვენ არაფერი ვიცით. ერთია, რომ ნაციონალური მოძრაობა და მისი კონკრეტული რუპორები ცდილობენ, ეს თემა შემოიტანონ და საკითხი გვარებზე გადაიტანონ, თუმცა, მაგალითად, ჩვენ დავით კეზერაშვილის თვითაღიარება მოგვისმენია, რომელიც ამბობს, რომ სწორედ თავად არის ადამიანი, რომელიც პოლიტიკასა და მედიაში ერევა, ბიზნესმენიც არის, ფული და პოლიტიკაზე გავლენაც აქვს. ეს განცხადება მისგან მოვისმინეთ. რაც შეეხება, თუ ვინ და როგორ მოხვდება, აქ მთავარი პრინციპი მხოლოდ სამართლიანობა იქნება". - ამბობს ვოლსკი.

21 მარტს პლენალურ სხდომაზე პარლამენტმა დეოლიგარქიზაციის შესახებ ორი მოსმენით მიღებული კანონპროექტი მესამე მოსმენიდან კვლავ მეორე - მუხლებრივი განხილვის მოსმენაზე დააბრუნა.

პლენალურ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განმარტებით, კანონპროექტის მესამიდან მეორე მოსმენაზე დაბრუნების მიზეზი ვენეციის კომისიის დასკვნა გახდა.

16 ნოემბერს პარლამენტმა კანონპროექტის არსებული რედაქცია მეორე მოსმენით მიიღო და ვენეციის კომისიასა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს, ერთობლივი სამართლებრივი მოსაზრებისთვის კანონპროექტი გადაუგზავნა.

ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით გამოაქვეყნა შუალედური მოსაზრება რომელშიც საუბარია იმ საფრთხეებზე, რომლებიც შესაძლოა კანონპროექტის ძალაში შესვლის შემდეგ წარმოიშვას. მოსაზრებაში ნახსენებ პრობლემებში ხაზგასმულია, რომ კანონპროექტი შეიცავს რამდენიმე არასათანადოდ განმარტებულ ტერმინს, არსებობს მთავრობის მიერ მისი ოპოზიციის წინააღმდეგ გამოყენების საფრთხე და შესაძლოა დაარღვიოს ადამიანის უფლებათა კონვენციის პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება. კომისია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, რომ ოლიგარქიზაციის პრობლემის გადასაჭრელად სხვა მეთოდებს მიმართონ. 

მოსაზრებაში ნახსენებია, რომ ნახსენები კანონპროექტი უკრაინული კანონისგან განსხვავდება იმით, რომ პირველ შემთხვევაში ოლიგარქად გამოცხადების გადაწყვეტილებას პრეზიდენტს დაქვემდებარებული ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო, საქართველოს შემთხვევაში კი ხელისუფლება იღებს. სწორედ ამიტომ, არაერთხელაა ნახსენები, რომ "ოლიგარქად" გამოცხადება ხელისუფლებამ პარტიული მიზნებით არ უნდა გამოიყენოს.

ამასთან, კომისიის დასკვნაში ხაზგასმულია ისიც, რომ პირის ოლიგარქად გამოცხადება ეყრდნობა გაუგებარ კრიტერიუმებს.

ვენეციის კომისიის შეფასებით, "კანონპროექტი მთავრობას აძლევს ზედმეტ დისკრეციას, გადაწყვიტოს რა ინფორმაცია მოაგროვოს, შეაფასოს და დაამუშაოს, ვის მიერ და როგორ გადაწყდეს, თუ ვინმე "ოლიგარქად" გამოცხადდება".

 

კომენტარები