ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ენმ: სამწუხაროდ, მერაბიშვილზე POSTV-სა და "ტვ ნაძეჟდას" დეზინფორმაცია ოპოზიციონერებმა დაიჯერეს

ენმ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილზე განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ მის წინააღმდეგ სამთავრობო მედიის დეზინფორმაცია "ზოგიერთმა ოპოზიციონერმა დაიჯერა".

"8 მარტის შემდეგ კრემლი ღიად ჩაერთო "რუსული ოცნების" გადარჩენის კამპანიაში: სერგეი ლავრომა, მარგარიტა სიმონიანმა და მარია ზახაროვამ ესტაფეტა გადაიბარეს და ის რასაც აქამდე "ოცნება" ქართულად ამბობდა, უკვე რუსულ ენაზეც მოვისმინეთ.

რუსი პროპაგანდისტები და მათი ქართველი მონები შეურაცხყოფას აყენებენ ქართველ ხალხს, განსაკუთრებით ახალგაზრდობას, რომელსაც შეცდომაში შეყვანილ მარიონეტებად ხატავენ. "ტვ ნაძეჟდამ" და "პოსტივიმ" დეზინფორმაციის ახალი კამპანია წამოიწყეს, ამჯერად ვანო მერაბიშვილზე დეზინფორმაციისა და Fake News-ების გავრცელებით, რომლებიც ოფიციალურად უარყოფილია.

სამწუხაროა, რომ ზოგიერთმა ოპოზიციონერმა ეს ე.წ. "ინფორმაცია" დაიჯერა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იმედოვნებს, რომ არსებული გაუგებრობა აღმოიფხვრა და ოპოზიციის ერთიანობას რუსული რეჟიმისგან განთავისუფლების ისტორიულ ბრძოლაში წინ ვერაფერი დაუდგება, რომელიც აუცილებლად დასრულდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებით". - წერია განცხადებაში.

მანამდე, ყოფილი შს მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა 10 მარტს უკრინფორმის მედიაცენტრში მასობრივი საპროტესტო აქციები დაანონსა.

ამასთან დაკავშირებით, ტვ იმედმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მერაბიშვილის სიტყვებით, "საქართველოს ახალი მთავრობა რუსეთის წინააღმდეგ იომებს". მერაბიშვილმა ზემოთ აღნიშნული უარყო და დასძინა, რომ იმედის ეს განცხადება "ქართული ოცნების კიდევ ერთი კომიკური მცდელობაა ყველგან და ყოველთვის, უკონტექსტოდ და ფეიქ ნიუსებით ახსენონ ვანო მერაბიშვილი."

კომენტარები