ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ენმ-ს თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე ზაზა გოგავა გახდა

Screenshot/Facebook live ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე ზაზა გოგავა გახდა. 18 დეკემბერს ენმ-ს თბილისის ორგანიზაციის ფორუმი ჩატარდა, სადაც თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე უნდა აერჩიათ. 

ზაზა გოგავა  2008-2012 წლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის უფროსი იყო. 

"დღეს საქართველოს და შესაბამისად, თბილისსაც აქვს მნიშვნელოვანი გამოწვევები, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გამოწვევები ვაქციოთ ჩვენს შესაძლებლობებად. ეს შესაძლებლობა, ყველანი ვთანხმდებით, აქ მყოფნი, ევროპაა და მე ესე წარმომიდგენია, ჩვენ კი არ უნდა შევიდეთ ევროპაში, ევროპა უნდა მოვიწვიოთ კავკასიაში. სწორედ ეს როლი ეკუთვნის თბილისს, მაგრამ 9 საუკუნის შემდეგ დღეს ეს ქალაქი გაჩერებულია.

ტანჯავს ის ათობით პრობლემა, რაც ჩემს წინა გამომსვლელებმა აქ ახსენეს და მე მხოლოდ ჩამოვთვლი და სიღრმეებში დღეს არ შევალ. ეს არის საცობები, ეკოლოგიური, რეკრეაციული განაშენიანების გამოწვევები და რაც მთავარია, პრობლემები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით და კიდევ სხვა მრავალი. იმისთვის, რომ თბილისმა დაძლიოს ეს გამოწვევები, საჭიროა, ცვლილებები მთელი ქვეყნის მასშტაბით. მე გპირდებით, რომ ამ ცვლილებებისათვის ბრძოლაში ვიქნებით ერთად, ერთმანეთის მხარდამხარ, ყველა თაობის წარმომადგენელთან ერთად, ხაზს ვუსვამ, ყველა თაობის წარმომადგენელთან ერთად.

აქვე შემიძლია ფიცი დავდო, რომ თბილისის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ორგანიზაცია ამ ბრძოლაში გადამწყვეტ როლს შეასრულებს. აქვე მინდა შეგახსენოთ და პირველ რიგში ჩემს თავს, რომ ამ ქვეყნისთვის და ამ ქალაქისთვის სხვადასხვა დროს, სხვადასხვა თაობებს უბრძოლია. უბრძოლია ზვიად გამსახურდიას, რომლის სახელსაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა უკავშირდება. უბრძოლია და იბრძვის მიხეილ სააკაშვილი, რომლის სახელთან თანამედროვე სახელმწიფოს სხეულის ჩამოყალიბებაა დაკავშირებული". - თქვა ზაზა გოგავამ ენმ-ს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები