რუსული კანონი

თსუ-ს სტუდენტებმა აქცია მოუწყვეს კობახიძეს, რომელიც ლექციის ჩასატარებლად არ მივიდა

ფოტო: ფორმულა

ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა აქცია მოუწვეს. კობახიძე ლექციის ჩასატარებლად არ მივიდა. 

სტუდენტებმა აუდიტორიასთან გააკრეს ბანერები წარწერით - "ღალატს ვერ გამოითხოვ!", "მომავალს ვერ წაგვართმევ", გადადებული საქმე ეშმაკისაა". ასევე, აუდიტორიასთან დატოვეს კობახიძის წიგნები წარწერებით - "მტრის არ მგმობი მოღალატეა" და ა.შ.  

ქართული ოცნების თავმჯდომარის ლექციის გაცდენის შესახებ ადმინისტრაციამ სტუდენტებს გუშინ, 10 მარტს აცნობა. 

"სტუდენტები, რომლებისთვისაც მიუღებელია მის მიერ სალექციო კურსის წაკითხვა და მისი მოღალატეობრივი საქმიანობა, ვაპირებდით მისვლას და მშვიდობიან პროტესტს. რაც გულისხმობდა შემდეგს - აუდიტორიაში მივიტანდით პლაკატებსა და მისსავე წიგნებს, რასაც ვაჩვენებდით და დავუტოვებდით ყოველგვარი ხმაურისა და ძალადობის გარეშე.

ცოტა ხნის წინ, მის სალექციო ჯგუფში რეგისტრირებულ სტუდენტებს მიუვიდათ შეტყობინება, რომ ლექცია არ ჩატარდება(იხ. სქრინი).

ესაა იმ "კაცის" სახე, რომელიც ვერ ბედავს სტუდენტებთან თამამად გამოჩენას. საერთოდ ყოველთვის დაცვით დადის, აუდიტორიის წინ მუდმივად დგას დაცვის ორი თანამშრომელი, თითქოს მას ვინმე ემუქრებოდეს. ახლა კი ლექციის ჩატარებასაც ვერ ბედავს, რადგან კარგად იცის, რომ სწორედ ის Gen Z დახვდება ადგილზე, რომელიც ლამის სასიკვდილოდ გაიმეტა ორი ღამის განმავლობაში.

ეგ Gen Z დაგამთავრებთ!" - დაწერა თსუ-ს სტუდენტმა, მამუკა ჩხეიძემ და ლექციის გაცდენის შესახებ შეტყობინების სქრინი გამოაქვეყნა.  

10 მარტს, საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის, მოქალაქეების პროტესტისა და რუსთაველზე გამართული მასშტაბური აქციების შემდეგ პარლამენტმა რუსული კანონი II მოსმენით ჩააგდო. რეგისტრაცია 112-მა დეპუტატმა გაიარა. 1 მომხრე, 35 წინააღმდეგი - ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები, დანარჩენებმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს. შესაბამისად, პარლამენტმა კანონის მიღების გადაწყვეტილება ვერ მიიღო და საკანონმდებლო განხილვები შეწყდება.

კომენტარები