EPP

"საქართველოს მთავრობა მიმართულია ევროატლანტიკური მომავლის წინააღმდეგ" – EPP-ს რეზოლუცია

ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი ჰელსინკში, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პოლიტიკურ ასამბლეაზე იმყოფება, სადაც ევროპული საქართველოს ინიციატივით ასამბლეაზე გაიმართა დებატები საქართველოს შესახებ და მსჯელობის შემდეგ მიღებულ იქნა რეზოლუცია. 

რეზოლუციაში დაგმობილია არამხოლოდ რუსული კანონი, არამედ საქართველოს მთავრობის ანტიდასავლური კურსი, რომელიც აჩვენებს აშკარა უკუსვლას დემოკრატიის სფეროში.

„ეს რეზოლუცია ასახავს უმძიმეს რეალობას, ეს რეჟიმი, ივანიშვილი და ჩვენი დასავლური მომავალი, ნატოს წევრობა და ევროკავშირთან დაახლოება შეუთავსებელია". – თქვა ევროპული საქართველოს თავჯდომარემ, გიგა ბოკერიამ.

"ზოგადად, უკანასკნელი ძლების მანძილზე საქართველოს მთავრობის კურსი მიანიშნებს დემოკრატიის აშკარა უკუსვლას. ამასთან ერთად, მთავრობის პოზიცია რუსეთის აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ, აბსურდული და ცილისმწამებლური პროპაგანდის კამპანია, თითქოს ევროკავშირი და აშშ წნეხს ავრცელებენ საქართველოზე, რომ სამხედრო მოქმედებები დაიწყოს რუსეთის წინააღმდეგ, რაც ზუსტად იმეორებს რუსული დეზინფორმაციის ნარატივს, განგაშის გამომწვევია. ამ ტიპის ქმედებებით, საქართველოს დღევანდელი მთავრობის აზროვნება აშკარად მიმართულია ევროატლანტიკური მომავლის წინააღმდეგ". – წერია EPP-ს რეზოლუციაში.

"რეზოლუციაში ნათქვამია ძალიან მკაფიოდ, რომ არამარტო ეს კანონი, არამედ მთელი ამ წლების დემოკრატიული უკუსვლა საქართველოში, ის ნარატივები, ის გზავნილები, რომელიც ისმის ანტიდასავლური ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, ის პოზიცია, რომელიც მათ აქვთ რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით, ასევე ის გამოუთქმელი სურვილები და გადაუდგმელი ნაბიჯები რეფორმების გატარებასთან დაკავშირებით, ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზის საწინააღმდეგო ნაბიჯებია. შესაბამისად, ყველასთვის დღეს ნათელია, რომ ამ ხელისუფლებასთან ერთად წარმოუდგენელია და არარეალურია მოხდეს იმგვარი განვითარება, რომ ვისარგებლოთ ამ ისტორიული მომენტით, მივიდეთ ევროინტეგრაციამდე და გავხდეთ ევროპის სრულუფლებიანი წევრები". – ამბობს ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავჯდომარე, გიგი წერეთელი.

საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ უცხოელი აგენტების შესახებ რუსული კანონი ვენეციის კომისიიდან გამოიხმეს და მას მეორე მოსმენით ჩააგდებენ. მათივე მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილის დეპუტატებმა უკვე გაიწვიეს კანონპროექტის მეორე ვერსია, რომელიც მხოლოდ კომიტეტების დონეზე იყო მხარდაჭერილი. საქართველოს პარლამენტი ავრცელებს შალვა პაპუაშვილის წერილსაც, რომელიც მან ვენეციის კომისიის თავმჯდომარეს გაუგზავნა.

ქართული ოცნების დაპირების მიუხედავად, პარლამენტთან მოქალაქეები ისევ შეიკრიბნენ. ისინი ითხოვდნენ, სასწრაფოდ დაენიშნა პარლამენტს პლენარული სხდომა და გაეთავისუფლებინა 7-8 მარტის აქციებზე დაკავებული 133 პირი. დღეს საღამოს ცნობილი გახდა, რომ შსს-მ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა ადამიანი გაათავისუფლა.

7 მარტს ქართული ოცნების რუსული რეჟიმის მიერ რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია ჩატარდა 8 მარტის საღამოსაც, რომელზეც, წინა დღის მსგავსად, საპოლიციო ძალებმა მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები გამოიყენეს. ასევე, 9 მარტის დილის 06:00 საათზე სპეცრაზმმა აქციის დარბევა დაიწყო - გაარღვიეს ბარიკადები, რომლებიც მოქალაქეებმა მათგან დასაცავად ააშენეს. დარბევისას ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს.  

რატომ არ არის ოცნების კანონი ამერიკული და არის რუსული

კომენტარები