რუსული კანონი

ქარტია: მედიაზე ძალადობისა და საქმინობაში ხელშეშლის ფაქტები დროულად უნდა იქნას გამოძიებული

დემონსტრანტი საქართველოს დროშით ბარიკადების წინ 8 მარტის აქციაზე, 2023 წელი
ზურაბ ცერცვაძე/Associated Press

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ინფორმაციით, 2023 წლის 8 მარტს, რუსთაველის გამზირზე აქციის დარბევის დროს დაშავდნენ მედიის წარმომადგენლები. ორგანიზაცია მედიის წარმომადგენლებზე ძალადობისა და ჟურნალისტურ საქმინობაში ხელშეშლის ფაქტების დროულად გამოძიებას ითხოვს. 

"დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც გაზის ყუმბარა ჟურნალისტის ფეხებთან აფეთქდა. ამასთან, სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებმა იძალადეს მედიის წარმომადგენლებზე და ხელი შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში, მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ ჟურნალისტების მხრიდან პროფესიული მოვალეობის შესრულების შესახებ". - წერია განცხადებაში. 

ქარტია გმობს მედიის წარმომადგენლების მიმართ ჩადენილ ძალადობას, უფლებების დარღვევასა და საქმიანობაში ხელშეშლას.

"მოვითხოვთ იმ სამართალდამცავების სასწრაფოდ გამოვლენასა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას, რომლებიც ძალადობდნენ ჟურნალისტებზე და ხელი შეუშალეს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში". - ვკითხულობთ ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

7 მარტს ქართული ოცნების რუსული რეჟიმის მიერ რუსული კანონის ერთერთი ვერსიის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია ჩატარდა 8 მარტის საღამოსაც, რომელზეც, წინა დღის მსგავსად, საპოლიციო ძალებმა მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები გამოიყენეს. ასევე, 9 მარტის დილის 06:00 საათზე სპეცრაზმმა აქციის დარბევა დაიწყო - გაარღვიეს ბარიკადები, რომლებიც მოქალაქეებმა მათგან დასაცავად ააშენეს. დარბევისას ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს.

9 მარტს, საქართველოს ხელისუფლებამ გაავრცელა განცხადება, რომ უცხოელი აგენტების შესახებ რუსულ კანონს გაიწვევენ.   

კომენტარები