რუსული კანონი

ეს კანონი საქართველოს ევროპულ გზას დიდ საფრთხეს უქმნის – 16 ევროპარლამენტარის განცხადება

პარლამენტის წინ შეკრებილ დემონსტრანტებს, რომელთაც ევროკავშირის დროშა უჭირავთ, სპეცრაზმი წყლის ჭავლით არბევს. 2023 წლის 7 მარტი.
AFP/ზურაბ ცერცვაძე

16 ევროპარლამენტარი რუსულ კანონთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.

"ჩვენ, ხელმომწერი ევროპარლამენტარები, ღრმად შეშფოთებული ვართ საქართველოს პარლამენტში "უცხოური აგენტის" კანონის პირველ მოსმენაზე მიღებით. დარწმუნებული ვართ, რომ ეს კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან და საქართველოს პროევროპულ გზას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

საქართველოს ცოცხალმა სამოქალაქო საზოგადოებამ დემოკრატიულ რეფორმებსა და ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების განცხადებისთვის მომზადებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ სამოქალაქო საზოგადოების უფრო მეტად დისკრედიტაციის მცდელობებისგან და სანაცვლოდ შექმნას კოოპერაციული გარემო ევროკავშირის კანდიდატობის მისწრაფებით, მიზანი, რომელსაც მტკიცედ დავუჭერთ მხარს და ერთგული ვიქნებით მის მისაღწევად დახმარებაში". – წერია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ პეტრას აუშტევიჩიუსი, მიხაელ გაჰლერი, სვენ მიკსერი, ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი, ანა ფოტიგა, ნატალი ლუსო, ანდრიუს ჯუბულიუსი, მარინა კალიურანდი, ჰილდე ვაუტმანსი, მირიამ ლექსმანი, თიის როიტენი, მარკეტა გრეგოროვა, კარენ მელხიორი, რაფაელ გლუკსმანი, ურმას პაეტი და იუოზას ოლეკასი. 

7 მარტს ქართული ოცნების რუსული რეჟიმის მიერ რუსული კანონის ერთერთი ვერსიის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია დაიწყო.

უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი ხუთშაბათს, 9 მარტს უნდა განეხილათ, თუმცა, პარლამენტთან აქციის დაშლის შემდეგ, ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოვიდა ინიციატივით, კანონპროექტი იმავე დღეს განეხილათ.

აქციის მშვიდობიანი მონაწილეები პარლამენტის წინ იყვნენ შეკრებილები, როდესაც მათკენ საპოლიციო ძალები დაიძრნენ, გამოიყენეს წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი. დაახლოებით 01:30 საათზე სპეცრაზმმა პარლამენტის წინ შეკრებილი ადამიანები წყლის ჭავლისა და გაზის გამოყენებით დაშალეს, შემდეგ კი ტერიტორია თავად დაიკავეს. შსს-მ აქციაზე 66 მოქალაქე დააკავა.

უცხოური აგენტების შესახებ კანონის მეორე ვერსია 7 მარტის პლენარულ სხდომაზე არ განუხილავთ. მას შემდეგ, რაც ორივე კანონპროექტს პირველი მოსმენით მიიღებენ, დოკუმენტებს ვენეციის კომისიას გაუგზავნიან. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, "სამი თვე სჭირდება დასკვნას და არ არის ისტერია საჭირო".

კომენტარები