რუსული კანონი

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსული კანონის გამო საქართველოს ელჩი დაიბარეს

Postimees/Scanpix

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსულ კანონთან დაკავშირებით საქართველოს ელჩი დაიბარეს, რათა დიდი უკმაყოფილება გამოეთქვათ. ამის შესახებ ესტონეთის საგარეო უწყების განცხადებაშია საუბარი.

ესტონეთის საგარეო უწყება წერს, რომ კანონი საქართველოში დემოკრატიის პერსპექტივაზე სერიოზულ კითხვებს აჩენს.

"უცხოური აგენტის კანონპროექტი, რომელიც საქართველოს პარლამენტში პირველი მოსმენით მიიღეს, აჩენს სერიოზულ კითხვებს საქართველოში დემოკრატიის პერსპექტივასთან დაკავშირებით. კანონი საქართველოს ჩქარი ევროატლანტიკურ ამბიციებთან აშკარა წინააღმდეგობაშია. ის ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებსა და ევროკავშირის კანდიდატობის მოპოვებისთვის 12 საჭირო პრიორიტეტის კონტრპროდუქტიულია. კანონის იმპლემენტაცია გამოიწვევს დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დადუმებას და საქართველოში ესტონეთის კოოპერაციული პროექტების განვითარებას გაართულებს. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, პასუხისმგებლობით განიხილოს ქვეყნის ნამდვილი ინტერესი და უკან წაიღოს კანონპროექტი. ასევე მთავრობას მოვუწოდებთ, პატივი სცეს ხალხის მშვიდობიანი პროტესტის უფლებას". – წერია განცხადებაში.

აქამდე ესტონეთის, ლიტვისა და ლატვიის საგარეო სამინისტროებმა თბილისში მიმდინარე მოვლენებზე გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც ისინი აგენტთა კანონის მიღებას აკრიტიკებდნენ და მთავრობას ხალხის მშვიდობიანი პროტესტის უფლების პატივისცემისკენ მოუწოდებდნენ.

7 მარტს ქართული ოცნების რუსული რეჟიმის მიერ რუსული კანონის ერთერთი ვერსიის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია დაიწყო.

უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი ხუთშაბათს, 9 მარტს უნდა განეხილათ, თუმცა, პარლამენტთან აქციის დაშლის შემდეგ, ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოვიდა ინიციატივით, კანონპროექტი იმავე დღეს განეხილათ.

აქციის მშვიდობიანი მონაწილეები პარლამენტის წინ იყვნენ შეკრებილები, როდესაც მათკენ საპოლიციო ძალები დაიძრნენ, გამოიყენეს წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი. დაახლოებით 01:30 საათზე სპეცრაზმმა პარლამენტის წინ შეკრებილი ადამიანები წყლის ჭავლისა და გაზის გამოყენებით დაშალეს, შემდეგ კი ტერიტორია თავად დაიკავეს. შსს-მ აქციაზე 66 მოქალაქე დააკავა.

უცხოური აგენტების შესახებ კანონის მეორე ვერსია 7 მარტის პლენარულ სხდომაზე არ განუხილავთ. მას შემდეგ, რაც ორივე კანონპროექტს პირველი მოსმენით მიიღებენ, დოკუმენტებს ვენეციის კომისიას გაუგზავნიან. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, "სამი თვე სჭირდება დასკვნას და არ არის ისტერია საჭირო".

კომენტარები