რუსული კანონი

შსს: პარლამენტთან აქციაზე კანონსაწინააღმდეგო ნივთები მიჰქონდათ, 10 პირი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ "საპროტესტო აქციის უსაფრთხოდ ჩატარებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით", პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის, ადმინისტრაციული წესით კიდევ 10 პირი დააკავა.

"აღნიშნული პირები სამართალდამცველებმა შეაჩერეს, რადგან როგორც პოლიციელებმა შენიშნეს, მათ თან ჰქონდათ გარკვეული კანონსაწინააღმდეგო ნივთები და ხელკეტები. პოლიციის შესახებ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, რომლის მიხედვითაც სამართალდამცველი უფლებამოსილია, პირი ზედაპირულად შეამოწმოს ტანსაცმლის მხოლოდ გარე ზედაპირზე ხელით, პოლიციის თანამშრომლების მიერ განხორციელდა მათი ზედაპირული დათვალიერება და შემოწმება. დადგინდა, რომ ისინი მიდიოდნენ პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე და თან მიჰქონდათ ძალადობრივი ქმედებებისთვის გამიზნული ნივთები, მათ შორის ელექტროშოკი, ხელკეტი, ქვები, სხვადასხვა სახის პიროტექნიკა, საღებავები და კანონით აკრძალული სხვადასხვა ნივთი, რომლებიც პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები საზოგადოებრივ წესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებული არიან პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში ახდენენ აქციის მონაწილეთა გადამოწმებას და დათვალიერებას" - აცხადებს შსს.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, ჯამში 76 პირია დაკავებული. ასევე, ერთს პირს სისხლის სამართლის დანაშაულსაც ედავებიან - პოლიციელებზე თავდასხმას.

"იდენტიფიცირებულია კიდევ რამდენიმე პირი, რომელთა დაკავების მიზნით მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები. შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ოპერატიულ ღონისძიებებსა და საგამოძიებო მოქმედებებს იმ პირთა დადგენისა და დაკავების მიზნით, რომლებმაც პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განახორციელეს პოლიციელებზე თავდასხმა და სხვა ძალადობრივი ქმედებები. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს აქციის ყველა მონაწილეს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგის ნორმები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს. სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი" - აცხადებს შსს.

7 მარტს ქართული ოცნების რუსული რეჟიმის მიერ რუსული კანონის ერთერთი ვერსიის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია დაიწყო.

უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი ხუთშაბათს, 9 მარტს უნდა განეხილათ, თუმცა, პარლამენტთან აქციის დაშლის შემდეგ, ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოვიდა ინიციატივით, კანონპროექტი იმავე დღეს განეხილათ.

აქციის მშვიდობიანი მონაწილეები პარლამენტის წინ იყვნენ შეკრებილები, როდესაც მათკენ საპოლიციო ძალები დაიძრნენ, გამოიყენეს წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი. დაახლოებით 01:30 საათზე სპეცრაზმმა პარლამენტის წინ შეკრებილი ადამიანები წყლის ჭავლისა და გაზის გამოყენებით დაშალეს, შემდეგ კი ტერიტორია თავად დაიკავეს. შსს-მ აქციაზე 66 მოქალაქე დააკავა.

საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობასთან დღეს, 8 მარტსაც იმართება.

კომენტარები