რუსული კანონი

ბურჯანაძე: 7 მარტის აქციაზე დაკავებულების ნაწილის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია

ტვ იმედი

სახალხო დამცველის მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის განცხადებით, 7 მარტს პარლამენტთან აქციაზე დაკავებულების ნაწილის ადგილსამყოფელი ამ წუთებამდე უცნობია, როგორც სახალხო დამცველის აპარატისთვის, ისე მათი ოჯახის წევრებისთვის. 

მისი თქმით, გუშინდელი აქცია გამონაკლისი იყო, როცა სახალხო დამცველის აპარატთან შინაგან საქმეთა სამინისტრო კონტაქტზე არ გამოდიოდა, რის გამოც, დაკავებულების ნაწილის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

"დაკავებულები მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა დროებითი მოთავსების იზოლატორებში არიან გადანაწილებული. ჩემი კოლეგები ახლაც სხვადასხვა იზოლატორში არიან, მათ შორის, ქუთაისშიც არის რამდენიმე დაკავებული გადაყვანილი და ადგილზე ვნახულობთ, ასევე ბაკურიანის დროებითი მოთავსების იზოლატორში, გორში და სხვადასხვა ადგილებში არიან".- ამბობს ბურძანაძე. 

მისივე თქმით, 25 დაკავებული ნახა და ზოგიერთი მათგანი "სრულიად უმიზეზოდ არის დაკავებული".

7 მარტს ქართული ოცნების რუსული რეჟიმის მიერ რუსული კანონის ერთერთი ვერსიის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია დაიწყო.

უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი ხუთშაბათს, 9 მარტს უნდა განეხილათ, თუმცა, პარლამენტთან აქციის დაშლის შემდეგ, ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოვიდა ინიციატივით, კანონპროექტი იმავე დღეს განეხილათ.

აქციის მშვიდობიანი მონაწილეები პარლამენტის წინ იყვნენ შეკრებილები, როდესაც მათკენ საპოლიციო ძალები დაიძრნენ, გამოიყენეს წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი. დაახლოებით 01:30 საათზე სპეცრაზმმა პარლამენტის წინ შეკრებილი ადამიანები წყლის ჭავლისა და გაზის გამოყენებით დაშალეს, შემდეგ კი ტერიტორია თავად დაიკავეს. შსს-მ აქციაზე 66 მოქალაქე დააკავა.

უცხოური აგენტების შესახებ კანონის მეორე ვერსია 7 მარტის პლენარულ სხდომაზე არ განუხილავთ. მას შემდეგ, რაც ორივე კანონპროექტს პირველი მოსმენით მიიღებენ, დოკუმენტებს ვენეციის კომისიას გაუგზავნიან. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, "სამი თვე სჭირდება დასკვნას და არ არის ისტერია საჭირო".

კომენტარები